Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის პრინცმა ირანი დაადანაშაულა ტანკერებზე თავდასხმაში


ომანის ყურეში ნავთობის ორ ტანკერზე თავდასხმა 13 ივნისს განხორციელდა.
ომანის ყურეში ნავთობის ორ ტანკერზე თავდასხმა 13 ივნისს განხორციელდა.

საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბენ სალმანმა ირანი დაადანაშაულა ომანის ყურეში ორ ტანკერზე თავდასხმაში.

„ირანის რეჟიმმა არ გამოიჩინა იაპონიის პრემიერ-მინისტრისადმი პატივისცემა, სანამ ის ირანში იმყოფებოდა და მის ძალისხმევას უპასუხა ორ ტანკერზე თავდასხმით, რომელთა შორის ერთი იაპონური იყო“, - განაცხადა გაზეთ „Asharq Al-Awsat-„სთან ინტერვიუში საუდის არაბეთის პრინცმა.

პრინცის განცხადებით, საუდის არაბეთს არ სურს რეგიონში ომი, თუმცა უყოყმანოდ უპასუხებს მისი ხალხის, ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების წინააღმდეგ გამოხატულ ნებისმიერ მუქარას.

ომანის ყურეში ნავთობის ორ ტანკერზე თავდასხმა 13 ივნისს განხორციელდა. თავდასხმას აფეთქება და ხანძარი მოჰყვა.

ამის შედეგად დაძაბულობამ რეგიონში ახალ სიმძაფრეს მიაღწია. აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა სპარსეთის ყურეში, მათ შორის საუდის არაბეთმა, ირანი დაადანაშაულეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 14 ივნისს ირანს დასდო ბრალად ტანკერებზე თავდასხმაში. პენტაგონმა გაავრცელა არამკაფიო ვიდეო, რომელზეც გამოსახული უნდა იყოს ირანის რევოლუციური გვარდიის ნავები, თუ როგორ აძრობენ ისინი ხომალდის კედელზე მიმაგრებულ აუფეთქებელ ნაღმს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG