თბილისში, ვერის პარკში მიმდინარეობს ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებული აქცია. ლევან ვასაძის განცხადებით, დაგეგმილია კაცის მკვლელობა "იქით მხარეს":
„დღეს დილით ჩვენი უშიშროების ოფიცრებმა შემატყობინეს, რომ გლობალისტები ძალიან მაგრად მუშაობენ რომ ჩვენ შეგვარცხვინონ და გამოგვაჩინონ გიჟებად, ფანატიკოსებად და ფაშისტებად. დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქით მხარეს, ზვარაკად უნდათ, რომ შესწირონ რომელიმე უბედური ან არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი და ეს ჩვენ დაგვაბრალონ. კატეგორიულად ვაცხადებ, ყველა, ვინც ამ უდიდეს ცოდვას ჩაიდენს, არის მტერი ჩვენი, საქართველოსი და ჩვენ მასთან არაფერი კავშირი არ გვაქვს..."
ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ ამერიკაში სწავლობდა და დიდ პატივს სცემს ამერიკელ ხალხს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ინგლისურად მიმართა. თქვა, რომ ტრამპს დიდ პატივს სცემს და ურჩევნია, ინგლისურად მიმართოს.
აშშ-ის საელჩომ 13 ივნისს გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდება, რომელშიც დონალდ ტრამპი მიესალმება ლგბტ ადამიანების განსაკუთრებულ წვლილს აშშ-ის წინაშე და წერს: "მოდით, სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ იმ უამრავ ლგბტ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც სჯიან, აპატიმრებენ და სიკვდილსაც უსჯიან სექსუალური ორიენტაციის გამო.
ჩემმა ადმინისტრაციამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის გლობალური კამპანია დაიწყო და ვიწვევთ ყველა სახელმწიფოს, შემოგვიერთდნენ ამ ძალისხმევაში!“, წაიკითხავდით დონალდ ტრამპის პოსტში.