Accessibility links

მალხაზ მაჩალიკაშვილი: სიცოცხლის აზრი დავკარგე და ამას დღეს საბოლოოდ მივხვდი


პანკისის ხეობაში სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი საზოგადოებრივ კოლეჯ „კავკასიონში" იმყოფებოდა. კოლეჯის სტუდენტებს შეხვდა და საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით დაწყებული ხელმოწერების შეგროვებაში თანადგომა სთხოვა. ამ კოლეჯში სწავლობდა თემირლან მაჩალიკაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მისთვის ამ კოლეჯში მისვლა ძალიან მძიმე და მტკივნეული იყო.

„აქ მოსვლა რომ გადავწყვიტე, არ ვფიქრობდი ასე მტკივნეული და გაუსაძლისი თუ იქნებოდა ჩემთვის. მინდოდა გამეკეთებინა ამ კოლეჯიდან მიმართვა არა მხოლოდ ამ სტუდენტების მიმართ, არამედ მთელი საქართველოს, სტუდენტობის და ახალგაზრდობის მიმართ. ჩვენ სამი დღის წინ ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ და გაცხადებული გვაქვს 100 000 ხელმოწერის შეგროვება. მე ვფიქრობ, ამაზე ორჯერ მეტი შეგროვდება რაც დავინახე ხალხისგან გვერდში დგომიდან და აქტუალობიდან გამომდინარე. მე ჩემი სიცოცხლის აზრი დავკარგე და ამას დღეს საბოლოოდ მივხვდი, მაგრამ ყველანაირად შევეცდები თემირლანის პატივსაცემად, რომ საქართველოში ახალგაზრდობა და სტუდენტობა იყოს დაცული. ამისთვისაა საჭირო შეიქმნას საგამოძიებო კომისია. დღევანდელ ხელისუფლებას არ უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია, თუმცა ჩვენ ყველა ერთად უნდა შევეცადოთ, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. თემირლანის საქმე ამ სახელმწიფოს ჩამოშლის. ყველაფერს აკეთებენ, რომ მე დამაშინონ, გამაჩუმონ, რაც შეუძლებელია", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ საგამოძიებო კომისია შექმნას.

"ხელისუფლებას ვირჩევთ ხალხი. ჩვენზე უნდა მუშაობდნენ და არა თავისი ჯიბის გასქელებისთვის ან ასეთი ბინძური, სასტიკი პოლიტიკის შექმნისთვის. ჩვენ, საზოგადოებას შეგვიძლია ვაიძულოთ ხელისუფლება კომისია შექმნან, მაგრამ თუ არ გვაქცევენ ყურადღებას, ისიც შეგვიაძლია სხვა ხელისუფლება მოვიყვანოთ სათავეში", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG