Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ელჩმა თბილისში რუს დეპუტატს არ მოუსმინა


საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა პროტესტის ნიშნად დატოვა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში გამართული მიღება. ეს მოხდა სწორედ მაშინ, როცა სიტყვით გამოდიოდა რუსი დეპუტატი, ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი. უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ მას არ უნდოდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის სიტყვა მოესმინა.

„თქვენ იცით, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ნაწილი და დღემდე აგრძელებს ბრძოლას... უკრაინელებს სურთ ჰქონდეთ საკუთარი მართლმადიდებელი ეკლესია, რისი წინააღმდეგიცაა რუსეთი. მას არ სურს უკრაინის ეკლესია ცალკე იყოს. ჩემთვის ეს არის რუსული სამყაროს პოლიტიკის ერთ-ერთი გამოვლინება და ეს არ არის უკრაინის სასარგებლოდ“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა.

უკრაინის ელჩმა თბილისში რუს დეპუტატს არ მოუსმინა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:38 0:00

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 19 ივნისს გაიხსნა და 22 ივნისამდე გასტანს. 26-ე სესიაში მონაწილეობს 25-მდე ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი.

ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების დაწყებამდე, 19 ივნისს, ცერემონიების სასახლესთან ხმაურიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. ხალხის განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლის ფაქტმა.

გავრილოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებითა და განცხადებებით გამოირჩევა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.

„არ არსებობს დუმის დეპუტატი, რომელსაც ხმა არ აქვს მიცემული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობისთვის და ამ ლოგიკით არავინ არაა შემოსაშვები საქართველოში“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG