Accessibility links

site logo site logo

ლევან ვასაძე: ივანიშვილს უნდა ჩემი პოლიტიკაში შეთრევა


ბიზნესმენ ლევან ვასაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მის პოლიტიკაში „შეთრევას“ ცდილობს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ამისთვის კონკრეტული გეგმაც აქვს.

20 ივნისს ვერის პარკში გამოსვლისას, ვასაძე დაემუქრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ყველაფერს ხმამაღლა იტყვის.

„ბიძინას სამზარეულოა ნაჩალიჩარი. კიდე ყველაფერს არ მოვყვები, რეები აქვს ჩემთვის ნათხოვნი და რეები ვუპასუხე მას. მაგრამ ბოლომდე თუ გავა, ბოლომდე გავალთ ჩვენც და სულ გავაშიშვლებ მაგის (ბიძინა ივანიშვილის) ამ რაღაც გეგმებს...

ბოლომდე ყველაფერს არ მოვყვები, მაგრამ, თუ მოგინდა, მერე მაგასაც მოვყვები... მიბარებ პოლიციაში იმიტომ, რომ გინდა შემათრიო პოლიტიკაში. გინდა დამიბარო, დამკითხო, ჩამსვა, რაც გინდა ქენი, არაფრის არ მეშინია... გინდა, რომ, ვითომ, ამ ხალხის თვალში გამხადო გმირი...

გამოვა, რომ მე ხალხი მხარს მიჭერს და უნდა შემათრიოთ ახლა ხელებგაკოჭილი პოლიტიკაში. ყოველთვის ვამბობდი, რომ მე ეს არ მინდა... არც სკამი მინდა, ხალხო, არც თანამდებობა...“, - ამბობს ლევან ვასაძე.

„სახალხო ლეგიონის“ შექმნის ინიციატორი და ორგანიზატორი ბიზნესმენი ლევან ვასაძე 20 ივნისს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით დაიწყო.

გამოძიება მიმდინარეობს უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამართულ აქციაზე გამოაცხადა, რომ იქმნება „სახალხო ლეგიონი“, რომელიც „თბილისი პრაიდის“ გამო ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძის თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და ტერიტორიიდან გაიყვანენ.

20 ივნისს პოლიციამ დააკავა „სახალხო ლეგიონის“ ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი. შს სამინისტროში არ ადასტურებენ ლევან ვასაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კიდევ დაკავებულია ძალიან ბევრი პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG