Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან გააძევეს


საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან. 2019 წლის 20 ივნისი
საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან. 2019 წლის 20 ივნისი

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან გააძევეს თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ვახტანგ შაქარიშვილი.

მის მიმართ აგრესია მოჰყვა მიტინგზე გამოსვლისას შაქარიშვილის განცხადებას, რომ „ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი ჰქონდა ოკუპირებული რუსეთს, ისე აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოკუპირებული საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი.“

ამ განცხადების გამო ვახტანგ შაქარიშვილს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს წევრი სხვა პარტიების ლიდერები. უკმაყოფილებას გამოთქვამდა ტრიბუნაზე მყოფი მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა შაქარიშვილი ტერიტორიიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მასთან ერთად დაუპირისპირდნენ საკრებულოს კიდევ ერთ დეპუტატს, "ქართული ოცნების" ყოფილ წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს.

„ისე, რომ არც დამამთავრებინეს სათქმელი, გადმოვიდნენ ძალადობაზე. კარგია, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რას წარმოადგენენ. მე არ მგონია სწორი, იმ მიზნის მისაღწევად, რაც ჩვენ გვამოძრავებს, რუსული პასპორტი რომ უდევს ვაშაძეს, მის გვერდზე განცხადებებს ვაკეთებდე. მინდოდა, ხალხისთვის მომეწოდებინა, რომ რეალური მისამართი არის სხვაგან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ოკუპირებული აქვთ ხალხის ემოციები და განწყობები. დაუშვებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ შემოუძღვა რუსულ ტანკებს ლამის თბილისამდე და გორამდე, ისევე როგორც დაუშვებელია „ქართულ ოცნებას“ გავუტაროთ ის, რაც გააკეთა“ - უთხრა ჟურნალისტებს ვახტანგ შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, შეუთავსებელია საზოგადოება რუსეთს ებრძოლოს გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, რომელსაც ჯიბეში რუსული პასპორტი აქვს. „მე მოვედი, ჩემი აზრი ვთქვი და გვცემეს, პოლიციამ ვერ დაგვიცვა“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG