Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: როგორც კი საჭირო იქნება, გადავდგები... რაც ახლა ხდება, ტრაგედიაა


ის, რაც ახლა ხდება ტრაგედიაა და დაისჯება ყველა თავდასხმისთვის პოლიციაზე და პარლამენტზე, - განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც პარლამენტის შენობაში იმყოფება. პარლამენტის შენობის წინ კი, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს.

„ის რაც ხდება ახლა, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედიაა... რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი, ზოგ შემთხვევაში შეიძლება მიზეზი იყოს სამართლიანიც... მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ფიზიკური შეტევა და მოწოდება შეტევისკენ... როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს დღევანდელი შემთხვევა, რა შედეგამდეც არ უნდა მივიდეს ეს ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციაზე და თავდასხმას პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და, რა თქმა უნდა, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით...

მინდა, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ვთხოვო და მოვუწოდო - პატივი ვცეთ პოლიციელს, რომელიც ვალდებულია დაიცვას ორივე მხარის უფლებები. მივცეთ პოლიციას საშუალება ღირსეულად შეასრულოს თავისი ფუნქცია... ეს არის დღეს ყველაზე მთავარი.

ამის შემდეგ, ყველა ჩვენგანი შევძლებთ, დავსხდეთ წყნარად, მშვიდად დავსხდეთ, ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ ეს პრობლემა

ის რაც აქ ხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა იმისა, რომ პოლიტიკური მოტივით ქვეყანა მივიყვანოთ კატასტროფისკენ... არანაირი მნიშვნელობა არა აქვს თანამდებობას, ვინ გადადგება, ვინ დარჩება... რომელი მმართველი პარტია იქნება და ვინ იქნება ოპოზიციაში“, - განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

თქვენ გადადგებით? - ჟურნალისტის ასეთ შეკითხვაზე გიორგი გახარიამ უპასუხა: „უპრობლემოდ. როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები“.

რუსეთის დუმის დეპუტატზე, სერგეი გავრილოვზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ გახარიამ თქვა, რომ ვერ იხსენებს ასეთ გვარს. თუმცა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე მოწვეული რუსი დეპუტატების ჯგუფიდან იდენტიფიცირებული იყო ორი პირი, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ საქართველოს კანონმდებლობა.

„არ მახსოვს ეს დეპუტატი...შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ჯგუფიდან ამოაგდო ორი გვარი, რომლებსაც ჰქონდათ დარღვეული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. სხვა პირები, რომლებსაც ეს კანონი დარღვეული ჰქონდათ, ამ სიაში არ ყოფილან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პარლამენტთან 19:00 საათისთვის დაწყებული აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 20 ივნისს, დილით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას სპიკერატის ტრიბუნიდან უძღვებოდა ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი.

სხდომა ოპოზიციის ძალისხმევით, ხმაურის ფონზე ჩაიშალა. გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა უკვე დატოვეს საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ასამბლეის 26-ე სესია 22 ივნისამდე უნდა გაგრძელებულიყო.

XS
SM
MD
LG