რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარე სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში სპიკერის სავარძელი დაიკავა, რადგან სწორედ ეს ადგილი შესთავაზეს.
„არანაირი გაუგებრობა არ ყოფილა. სადაც მიმღები მხარე მიწვევს, იქ ვჯდები“ - უთხრა გავრილოვმა გამოცემა „კომერსანტს.“ დუმის დეპუტატის თქმით, პროტოკოლის მიხედვით, სპიკერის ადგილს ასამბლეის თავმჯდომარე იკავებს. გავრილოვის ინფორმაციით, სპიკერის ადგილიდან გამოდიოდა საბერძნეთის, ლიბანის და სხვა ქვეყნების პარლამენტებშიც.
კომუნისტი დეპუტატი ამბობს, რომ თავმდაბალი ადამიანია და გასაშლელ სკამზე მუშაობაც შეუძლია, მაგრამ სადაც მასპინძლები დასვამენ იქ დაჯდება.
გავრილოვის განცხადებითვე, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა კორექტულად მიმდინარეობდა, მაგრამ შესვენების დროს შენობაში „ექსტრემისტები შეიჭრნენ“ და დოკუმენტები გაანადგურეს.
გავრილოვის ინფორმაციით, ასამბლეის წევრები იძულებულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტი დაეტოვებინათ და გადასულიყვნენ, სასტუმროში, სადაც სხდომა დაასრულეს. დუმის დეპუტატის თქმით, მისი ინიციატივით განიხილეს დღის წესრიგის ყველა საკითხი, რასაც მხარი დაუჭირა 25-ივე ქვეყნის დელეგაციამ.
“ასამბლეამ მიიღო კოლექტიური განცხადება, რომ სესიას ვასრულებთ მონაწილეთა უსაფრთხოების გარანტიების და ნაყოფიერი მუშაობისთვის საჭირო პირობების არარსებობის გამო. ჩვენ მივიღეთ საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი დეპუტატის ბოდიში“ - უთხრა „კომერსანტს“ გავრილოვმა. მან კონკრეტული დეპუტატები არ დაასახელა
დუმის წევრმა ქართული ოპოზიციის მიერ გავრცელებული ტყუილი და პროვოკაცია უწოდა ინფორმაციას, რომ აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.
„სამწუხაროა, რომ ქართულმა მედიამ ეს აიტაცა. სხვათა შორის, ჩვენმა დეპუტატებმა ნახეს, როგორ აგზავნიდნენ ქართველ ჟურნალისტებს კურატორები, რომლებიც ინგლისური ენის ამერიკული ვერსიით ლაპარაკობდნენ“ - განაცხადა გავრილოვმა. მისივე თქმით, აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ გამოცხადების შემდეგ იქ არასდროს ყოფილა.
20 ივნისს, გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან, უმწვავესი პროტესტი მოჰყვა. შესვენების შემდეგ სხდომა აღარ გაგრძელებულა, გავრილოვი და დუმის სხვა დეპუტატები კი, იძულებულნი გახდნენ საქართველო დაეტოვებინათ. თბილისიდან გამგზავრებამდე, სასატუმრო „რადისონთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სერგეი გავრილოვს ბოთლები და კვერცხები დაუშინეს.
ასამბლეის სხდომის გახსნის წინ, „ევროპულმა საქართველომ“ განაცხადა, რომ გავრილოვი აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, კი რუსი დეპუტატი ოკუპირებულ რეგიონში იმყოფებოდა და ამით დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ისინი მოითხოვდნენ, რომ გავრილოვი საქართველოში არ შემოეშვათ.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, სერგეი გავრილოვის მიერ კანონის დარღვევა არ დადასტურდა განსხვავებით დუმის ორი სხვა დეპუტატისგან, რომლებიც საქართველოში არ შემოუშვეს, გავრილოვისთვის აკრძალვის საფუძველი კი, არ არსებობდა.
"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სხდომა ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და იმის გამო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დუმის დეპუტატი აღმოჩნდა, შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
რუსი დეპუტატების საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, საქართველოს პარლამენტთან დაიწყო აქცია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მოითხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა.
მოგვიანებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა პარლამენტის შენობა დაეკავებინათ და მოთხოვნების შესრულებას იქ დალოდებოდნენ. პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეები პარლამენტთან განლაგებულ სამართალდამცავებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ.
პარლამენტში ძალით შესვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები პოლიციელებს ქვებს, ბოთლებს და სხვა საგნებს ესროდნენ. ორივე მხრიდან დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ხელისუფლებამ ჯერ მოლაპარაკება შესთავაზა, თუმცა, თითქმის მაშინვე დაიწყო ძალის გამოყენებაც.