Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო კასრაძე რობერტ სტურუას: ახალი საქართველო ახლა იბადება!


მსახიობი ნინო კასრაძე რობერტ სტურუას მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებას "საქართველო აღარ არის" პასუხობს და რეჟისორს ეუბნება, რომ „ახალი საქართველო ახლა იბადება“.

მსახიობი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს: " ბატონო რობერტ, გუშინ და გუშინწინ რუსთაველზე ახალგაზრდები იდგნენ, სტუდენტები, თინეიჯერები, ჩემი სალომეს და თქვენი ელენეს თანატოლები.ზუსტად ისინი, ვინც ხვალ ის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება უნდა დააკომპლექტოს,რომელზეც ყველა ვოცნებობთ. მეც ჩემს შვილებთან ვიდექი, აბა, მარტო ხომ არ დავტოვებდი, ანდა ხომ არ ვაიძულებდი სახლში დარჩენას?! ანდა რა უნდა მეთქვა, პროტესტი რატომ გაგიჩნდათ,მოგეჩვენათ ეს ყველაფერი-თქო?!"

​"მე იქ ბოროტი სული არ მინახავს"- წერს ნინო კასრაძე და აგრძელებს "არც ნაცისტების ზეიმი მინახავს,ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აღარ არის... პირიქით, ახალი საქართველო ახლა იბადება-უკომპრომისო, პატრიოტი და, სამწუხაროდ, ზოგი ცალთვალა... ოცდახუთწლიანი ურთიერთობის განმავლობაში, სიყვარულითა და აღტაცებით სავსე ურთიერთობის მანძილზე, პირველად გამიჩნდა გადაულახავი სურვილი გამოვთქვა პროტესტი.პროტესტი თქვენი პოზიციის მიმართ, რომ თითქოს “საქართველო აღარ არის”! საქართველო იყო, არის და იქნება!!!!“ - წერს ნინო კასრაძე.

დღესვე, რეჟისორის საპასუხოდ რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა არტისტების ჯგუფი Cunilanguage დღეს ს რამდენიმე საათით სამზარეულოს ხსნის: "გაიხნსება - Кухня, სადაც, მაესტრო რობიკო სტურუასთვის მომზადდება ბორში და კოტლეტი, რასაკვირველია ხორცის გარეშე, რადგან ეს სადილი ერთგვარი სიმბოლოა კულტურული დიეტისა"- წერენ ახალგაზრდა არტისტები და მოუწოდებენ საზოგადოებას, "ერთად მოვუმზადოთ მაესტრო რობიკო სტურუას სადილი - კულტურული დიეტა, რომ მის მოსაქმებულს რაც შეიძლება ნაკლები სიმძაფრის სუნი აუვიდეს".

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა 20 ივნისს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს ასე გამოეხმაურა: „ბოროტმა სულმა იმარჯვა... ნაცისტები ზეიმობენ: საქართველო აღარ არის!“.

20-21 ივნისს მშვიდობიანი აქცია, რომელიც რუსეთის დუმის დელეგაციისა და საქართველოს მთავრობის მოქმედებების გასაპროტესტებლად დაიწყო, პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და ცრელმსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის ორმა დაკარგა თვალი; დაშავებულებს შორის იყვნენ ჟურნალისტები და სამართალდამცველებიც.

დემონსტრაციების პასუხად გადააყენეს საქართველოს პარლამენტის სპიკერი, ირაკლი კობახიძე. რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალური გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის 8 ივლისიდან შეწყვეტის შესახებ.

საპროტესტო აქციები, სადაც ძირითადად ახალგაზრდა მოქალაქეები მონაწილეობენ, 21- ივნისის შემდეგ ყოველ საღამოს, 7 საათზე ეწყობა პარლამენტის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის, აქციის დაშლისას ძალის გადამეტების, გამო კონკრეტული პოლიციელების დასჯის, დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებისა და პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG