Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადების ბრალდებით 70 წლის კაცს პატიმრობა შეეფარდა


ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე დაკავებულ 70 წლის გიორგი წიქარიძეს 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ბრალდების მხარის პოზიციით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე.

გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე. გიორგი წიქარიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე 1 პირი დააკავა", - იტყობინებოდა 21 ივნისს შს სამინისტრო.

ამავე წყაროს ცნობით, პოლიციამ წიქარიძე "იმ დროს დააკავა,
როდესაც იგი აღნიშნული ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა".

მამაკაცი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ თბილისში 350-მდე ადამიანი დააკავეს. შს სამინისტროს 22 ივნისის ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთაგან 121 პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო დანარჩენი გათავისუფლდა. გათავისუფლებულებს შეეფარდათ ჯარიმა ან სიტყვიერი შენიშვნა.

XS
SM
MD
LG