საქართველოს 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მეათე ადგილით დაასრულა. ილია მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი 22 ივნისს მეცხრე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიის ნაკრებთან დამარცხდა - 17:29.
მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე თორმეტივე მონაწილე გადანაწილდა პირველიდან მეთორმეტე ადგილამდე. ჩემპიონი საფრანგეთი გახდა, რომელმაც ფინალში ავსტრალიას მოუგო - 24:23. მესამე ადგილი სამხრეთ აფრიკამ დაიკავა, არგენტინის ძლევით (41:16). მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა ახალი ზელანდია. ბოლო - მეთორმეტე საფეხურზე კი შოტლანდია დარჩა, გადამწყვეტ შეხვედრაში ფიჯისთან წაგებით (34:59) და მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მიღმაც აღმოჩნდა.
საბოლოო შედეგების მიხედვით უკვე მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის ჯგუფებიც დაკომპლექტდა. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდებიან სამხრეთ აფრიკას, არგენტინასა და ჩემპიონატის მასპინძელ იტალიას.