საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერება შესაძლოა, რუსეთის მიერ მიღებულ ერთადერთ ზომად დარჩეს, თუ სიტუაცია ფარგლებს არ გასცდება - ამის შესახებ რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს თქმით, ამჟამად დგას „ცალკეულ რუსულ გამოხდომაზე შეზღუდული რეაქციის“ საკითხი, ბოლო წლებში საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა კი მიჩნეულია წარმატებულად, რომელსაც გადახედვა არ სჭირდება.
“ვედომოსტის“ წყაროს ინფორმაციით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერება გამოწვეული იყო არა მხოლოდ დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული ინციდენტით, არამედ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რომ თბილისში სიტუაციის გამწვავებაზე პასუხისმგებლობა მოსკოვს ეკისრება.
21 ივნისს, პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც 8 ივლისიდან რუსეთის ავიაკომპანიებს აუკრძალა საქართველოში მგზავრების გადაყვანა. მიზეზად დასახელდა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან რუსეთის მოქალაქეების დაცვა.
საქართველოში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეს, რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა ასამბლეის სხდომა. პროტესტის გამო სესია ჩაიშალა, გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები კი იძულებულნი გახდნენ საქართველო დაეტოვებინათ.
22 ივნისიდან რუსეთში დაიწყო ხელმოწერები პეტიციაზე, რომლითაც ამ ქვეყნის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლას ითხოვენ. პეტიციაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უსაფრთხოდ იმყოფებიან, მიტინგები კი საქართველოს მოქალაქეთა უფლებაა. 24 ივნისის დილის 9 საათისთვის პეტიციას ხელს აწერს 18 ათასზე მეტი ადამიანი.