Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს


მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

სხდომაზე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ. პოლიტსაბჭოს სხდომა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომით გაგრძელდება.

საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეს, რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა ასამბლეის სხდომა.

20 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა დემონსტრანტები სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს, რასაც წინ უძღოდა პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობა. დაშავდა 240-მდე ადამიანი, 305 დააკავეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა. ირაკლი კობახიძემ თანამდებობა 21 ივნისს დატოვა.

მოთხოვნებად რჩება შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ძალის გადამეტებაში დამნაშავეთა დასჯა, დაკავებულთა გათავისუფლება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.

XS
SM
MD
LG