Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: არ უნდათ მხეცებს ცვლილებები, მაგრამ მაინც მოუწევთ


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან რეგისტრაციაზე უარის მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და გაიმარჯვებენ.

„არ უნდათ მხეცებს ცვლილებები, მაგრამ მაინც მოუწევთ“ - ამბობს სააკაშვილი კიევის აეროპორტში ჩაწერილ ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს დილით გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, „ახალ ძალთა მოძრაობის“ კანდიდატთა სიის რეგისტრაციაზე უარი პეტრო პოროშენკოს თანამოაზრეთა დამსახურებაა. სააკაშვილმა დაასახელა „სახალხო ფრონტის“ წარმომადგენელი შეპილოვი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სევასტიანოვი.

მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის პირობებში შეძლებენ „იდიოტიზმის გარღვევას.“ სააკაშვილის განცხადებითვე, მათ იურიდიულ წვრილმანებზე ედავებიან, მაგრამ „ახალ ძალთა მოძრაობას“ საუკეთესო იურისტები ჰყავს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ადგილზე ჯდომას არ აპირებს და მიემგზავრება ოდესაში, სადაც ადგილობრივ ამომრჩევლებს შეხვდება.

23 ივნისს, უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა „ახალ ძალთა მოძრაობის“ კანდიდატთა სიის დარეგისტრირებაზე.

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტის მიერ 21 მაისს გამოცემული განკარგულებით დაინიშნა და შესაბამისად, სააკაშვილის პარტიის მიერ 8 მაისს ჩატარებულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვერ იქნებოდა განხილული ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის საკითხი.

რაც შეეხება „ახალ ძალთა მოძრაობის“ მიერ 10 ივნისს გამართულ ყრილობას, რომელზეც კანდიდატთა სია დამტკიცდა, უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციის შეფასებით, ეს ყრილობა პარტიის წესდების დარღვევით ჩატარდა. უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ „ახალ ძალთა მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს მიერ 8 მაისს და ყრილობაზე 10 ივნისს დამტკიცებული ოქმების ასლებს შესამოწმებლად პოლიციაში გაგზავნიან.

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისსაა დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG