Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხათუნა გოგორიშვილი: ბიძინა რისი ბიძინაა, რაიმე მაიმუნობა არ ჩაედო ამ ინიციატივაში


„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, პარტია ხვალიდანვე ჩაერთვება საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობაში, ვინაიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ დარჩეს მხოლოდ საინტერესო ინიციატივად.

„ბიძინა არის შეშინებული და გაჭირვებული, ის რომ პროპორციულ სისტემას დათანხმდა ბიძინა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების დროს, აცხადებდა რომ მაჟორიტარებს ვერ დაითანხმებდა, ყველაფერზე ლაპარაკობს. ხალხის პროტესტმა, ხალხის პრინციპულობამ ყველაფერს მიაღწია. ახლა პატარა მაიმუნობები და მამაძაღლობები შეიძლება ამას მოჰყვებოდეს. აბა, ბიძინა რა ბიძინაა, აქეთ-იქით, პატარა შესაძლო მაიმუნობები არ ჩაედო“, - აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.

მისი სიტყვებით, ახლა დაიწყება პატარ-პატარა პარტიების შექმნა და „დადგება რიგი შუშის სასახლის კართან“, მაგრამ ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, „ეს ვერ უშველის ბიძინა ივანიშვილს“. მისი სიტყვებით, არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ოდნავ მაინც „ცალ თვალს რუსეთისკენ გააპარებს, ვერ იქნება მხარდაჭერილი ქართული საზოგადოების მიერ და ვერ მოიპოვებს თუნდაც 1 მანდატისთვის საჭირო ხმების რაოდენობას“.

ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ამ ცვლილების თანახმად, ჩატარებულ არჩევნებში ბევრ დეტალს ექნება მნიშვნელობა. მათ შორის იმას, რა ჩაიწერება საარჩევნო კანონმდებლობაში, იქნება თუ არა საარჩევნო კოალიციების შექმნის შესაძლებლობა, აიკრძალება თუ არა ბლოკები საარჩევნო პერიოდში და სხვა.

„ბევრი დეტალი გამოაჩენს, ვის როგორი სტრატეგია და პოლიტიკა ექნება“, - აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თანახმაა, რომ უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით.

გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ინიციატივაა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს ნულოვანი საარჩევნო ბარიერით.

XS
SM
MD
LG