„თიბისი“ ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ლონდონში დამთავრდა TBCBANK Group PLC აქციონერთა კრება.
მისი ინფორმაციით, აქციონერთა 97 %-მა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავმჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავმჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას:
„თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპიდან. ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენ პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აპრილის დასაწყისში, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დატოვეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო, თუმცა, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დარჩნენ სააქციო საზოგადოების „TBC PLC”-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის თანამდებობებზე.