აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ახალ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას. ბრძანებას ხელი მოეწერა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ირანმა ჩამოაგდო აშშ-ის საფრენი აპარატი.
"ჩვენ გავაგრძელებთ თეირანზე ზეწოლის გაზრდას" - განაცხადა ტრამპმა დოკუმენტის ხელმოწერისას თეთრი სახლის ოვალურ ოფისში და დასძინა: "ირანი ვერასოდეს შეძლებს ბირთვული იარაღის ქონას".
"ჩვენ კონფლიქტს არ ვიწვევთ" - თქვა ტრამპმა. მისი განცხადებით, ირანის ნაბიჯებზეა დამოკიდებული სანქციები მოქმედებას ხვალ შეწყვეტს, თუ წლების შემდეგ. ტრამპის თქმით, სანქციების სამიზნე იქნება ირანის ლიდერები, თუმცა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტრამპი ამბობს, რომ აშშ სანქციების დაწესებას ისედაც აპირებდა, საფრენ აპარატთან დაკავშირებული ინციდენტის მიუხედავად.