Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექს ჩიღვინაძე: მამაჩემი დაუბარებიათ და უთქვამთ, შენი შვილი აქციებზე დადის და არ უნდაო


პოეტი და დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და წერს, რომ იმის გამო, რომ ის აქტიურად იღებს მონაწილეობას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებში, მამამისმა სამსახურში ე.წ. „რჩევა“ მიიღო:

„მამაჩემი დიდი ხანია რკინიგზაში მუშაობს. დღეს დაუბარებიათ და უთქვამთ, გავიგეთ შენი შვილი აქციებზე დადის და დაელაპარაკე რა, არ უნდაო. მამაჩემს უპასუხია, რომ ზრდასრულია და თავისი აზრი აქვსო. ნუ მაინც გადაეციო, არ უნდაო, თორემო... ჰოდა, აი, გადმომცა. (ნუ გავიგე. არ მეტყოდა თვითონ. სახლში შეატყვეს ეტყობა ნერვიულობა და ჩაეკითხნენ, თორემ ჩვენ თვეში ორჯერ თუ ვნახავთ ერთმანეთს) და ახლა რა მაინტერესებს? ვინ გგონივართ ან როგორ ბედავთ? როგორ გამიბედეთ მე ან ჩემს ოჯახს? ერთი გადაბრუნებული სიტყვა აღარ უთხრათ მამაჩემს, აღარაფერს ვამბობ მის სამუშაო ადგილზე. რაში ხარჯავთ და გვახარჯინებთ ამ ძვირფასს წუთებს? სად არის თქვენი პრინციპები და ადამიანობა?“

პარლამენტის წინ მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

​რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

21 ივნისს პოსტი დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მანდატი დატოვა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომელიც ასამბლეის ორგანიზატორი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა.

სამართალდამცავებმა დააკავეს 300-ზე მეტი დემონსტრანტი.

დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასა და დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG