Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ბაქრაძე: ხმაურით გავარღვიოთ სიყრუის კედელი, ყოველ დღე, დღის 2 საათზე


„ხმაურით გავარღვიოთ სიყრუის კედელი, გააგონე შენი ხმა მთავრობას“, - ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი გამოდის ინიციატივით, რომ ყოველ დღე, დღის 2 საათზე, ქვეყნის მასშტაბით, ადამიანებმა სიგნალებით, საყვირებით, სასტვენებით გამოხატონ საკუთარი პროტესტი:

„რუსთაველზე მდგომ სახლს წაუყრუეს! ჰგონიათ მხოლოდ ეს ხალხია აღშფოთებული იმითი რაც მოხდა და ხდება, ჰგონიათ რომ დაიღლებიან და დაიშლებიან და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. მიტინგი და დემონსტრაცია არაა ყველასთვის მისაღები გამოხატვის ფორმა. ისედაც, მთელი თბილისი და საქართველო ვერ გამოვა რუსთაველზე.

ამიტომ გთხოვთ, ვისაც აღელვებს საქართველოს ბედი, ვისაც უნდა უკეთეს ქვეყანაში იცხოვროს და აღშფოთებულია, როგორც ყველა პატიოსანი ადამიანი - დღეიდან, ყოველ 2 საათზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოფლად და ქალაქად, მანქანის სიგნალებით, საყვირებით, სასტვენებით, ხმაურით გავარღვიოთ სიყრუის კედელი.

დავანგრიოთ კედელი ხალხსა და ყრუ ხელისუფალთ შორის მთელ საქართველოში, ისე როგორც საყვირების ხმებმა დაანგრია ბიბლიური იერიქონის კედლები“, - წერს ლაშა ბაქრაძე.

24 ივნისს, თბილისში გაიმართა აქცია „დაუსიგნალე ოკუპაციას“. ავტოკოლონა ამ გზავნილით რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრა და თბილისის სხვადასხვა ქუჩა მოიცვა. ავტომობილები გადაადგილდებიან სიგნალებითა და დროშებით. ეს აქცია ნაწილია პარლამენტთან მიმდინარე პროტესტის, რომელიც უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG