Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელაში ჩავიდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ილ-62 ორშაბათს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ჩაფრინდა - იტყობინება როიტერსი.

ეს არის თვითმფრინავი სარეგისტრაციო ნომრით RA-86496, რომელიც კარაკასის აეროპორტში მარტშიც ჩაფრინდა სატრანსპორტო თვითმფრინავ ან-24-თან ერთად. მაშინ ვენესუელაში რუსეთის 100-მდე სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა.

მარტში ვენესუელაში რუსეთის ორი სამხედრო თვითმფრინავის ჩასვლამ დაძაბულობა გამოიწვია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კრემლს ვენესუელის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობაში დასდო ბრალი, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავებით ჩაიყვანეს მხოლოდ სპეციალისტები, რომლებიც ემსახურებოდნენ იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებულ კონტრაქტებს.

ვენესუელაში უკვე ნახევარი წელია გრძელდება დაპირისპირება აშშ-ის და ევროპისა და სამხრეთ ამერიკის უმეტესი ქვეყნის მიერ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებულ ხუან გუაიდოსა და რეალური ძალაუფლების მფლობელ ნიკოლას მადუროს შორის. მადუროს მხარს უჭერენ რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, კუბა და ბოლივია.

ვენესუელის ინფორმაციის სამინისტროსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით არ უპასუხიათ მასმედიის მოთხოვნაზე, რა არის ვენესუელაში რუსეთის თვითმფრინავის ჩასვლის მიზეზი.

XS
SM
MD
LG