ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში(PACE) გასაჩივრდა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება.
უკრაინული ინტერნეტგამოცემის, „ევროპეისკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი სტრასბურგიდან იუწყება, რომ შინაარსობრივი საფუძვლით გასაჩივრების ინიციატივა საქართველოს სახელთ წამოაყენა პარლამენტის დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ნინო გოგუაძემ. მან სტრასბურგში, ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას გასაჩივრების საფუძვლად დაასახელა რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია და ამ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემატური დარღვევები.
გარდა ამისა, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება პროცედურული საფუძვლით გაასაჩივრა უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ არიევმა. მისი განცხადებით, რუსეთის დელეგაციაში არიან ანექსირებულ ყირიმში უკანონოდ არჩეული დეპუტატებიც.
გასაჩივრებას მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის 50-მდე წარმომადგენელმა.
გასაჩივრებაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პასუხი 26 ივნისს გაირკვევა. ამ სხდომისთვის დარბაზში დროებით დაბრუნდება უკრაინის დელეგაცია, რომელმაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეაჩერა რუსეთის მხარდამჭერი რეზოლუციისადმი პროტესტის ნიშნად.
გვიან ღამით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს აძლევს ასამბლეაში სრულფასოვნად დაბრუნების უფლებას. ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის 2014 წელს ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საფუძველი გახდა რეგლამენტში შეტანილი და რეზოლუციაში ასახული ცვლილებები, რომლის ინიციატორი იყო ბელგიელი დეპუტატი, სოციალისტების ჯგუფის წევრი პეტრა დე სუტერი.
ხმა წინააღმდეგ მისცა სტრასბურგში, ასამბლეის სხდომაზე მყოფმა ხუთივე დეპუტატმა საქართველოს პარლამენტიდან - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ნინო გოგუაძემ, ირინა ფრუიძემ და სოფიო ქაცარავამ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, დავით ბაქრაძემ და გიორგი კანდელაკმა.