პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ გენერალური პროკურორის მიმართვას, პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
ოპოზიციური პარტიების, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ საკითხს დაჩქარებულად განიხილავს. მათ მოითხოვეს, რომ სხდომა გადაიდოს და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მასალების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
„რა მნიშნვნელობა აქვს ორი საათით ადრე დაიჭერთ ნიკა მელიას, თუ ორი საათით გვიან. რატომ ვერ ითმენთ, რა გჭირთ? დილის 9 საათზე, რომ გადაგვიყვანეთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმში. მე არ მახსოვს ამ პარლამენტში ასე ადრე ჩატარებულიყოს სხდომა. მითუმეტეს, რომ 5 დღე აქვს იურიდიულ კომიტეტსაც და საპროცედურო კომიტეტსაც საკითხის განხილვისთვის. გუშინ საღამოს შემოტანილი საკითხია და დილაუთენია რატომ არის კომიტეტი დანიშნული?!“ - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების თავმჯდომარეებს, ანრი ოხანაშვილს და გიორგი კახიანს.
როგორც გიორგი კახიანმა განაცხადა, პარლამენტი არავის იჭერს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების თავმჯდომარის განმარტებით, თუ პარლამენტი გენერალურ პროკურატურას თანხმობას მისცემს, ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა სასამართლოს წინაშე დააყენებს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს და გადაწყვეტილებას სწორედ სასამართლო მიიღებს.
„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ თანხმობას მივცემთ, პროკურატურას ექნება უფლება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ნიკანორ მელიასთვის პატიმრობა. თუ პარლამენტი მიცემს თანხმობას ეს არ ნიშნავს ავტომატურად პროკურატურისთვის უფლებას, რომ დააპატიმროს პარლამენტის წევრი. სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას აღკევთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. თუ მოხდა ისე, რომ სასამართლომ მას შეუფარდა პატიმრობა, მხოლოდ ამის შემდგომ პარლამენტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მას შეუჩერდება პარლამენტის წევრის იმუნიტეტი“, - განაცხადა კახიანმა.
საქართველოს პროკურატურამ 25 ივნისს, საღამოს განაცხადა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის.(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით)
26 ივნისს, ნიკა მელია ბრალდების წარსადგენად გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული.