Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებას რამდენიმე საფუძვლით ითხოვს


პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პროკურატურის მაღალჩინოსანმა, ამირან გულუაშვილმა წარმოადგინა პარლამენტისადმი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის წერილი დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის თხოვნით.

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან მისი თავმჯდომარის და სხვა მაღალჩინოსნების გადადგომის მოთხოვნით 19 საათიდან დაწყებული საპროტესტო აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა 21 საათსა და 50 წუთამდე.

გულუაშვილის თქმით, მელიამ 21 საათზე მიმართა მომიტინგეებს და განაცხადა, რომ თუ მოთხოვნები ერთ საათში არ დაკმაყოფილდებოდა, ყველას ერთად გადაენაცვლა პარლამენტის შენობაში.

ამირან გულუაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მოთხოვნები არ შესრულდა, პარლამენტში შეჭრის მიზნით მოქალაქეთა ნაწილმა მელიას ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დაიწყო ძალადობა პარლამენტის წინ განლაგებულ სამართალდამცავებზე, იარაღად სხვადასხვა ნივთის გამოყენებით მოხდა მათზე თავდასხმა და კუთვნილი ნივთების დაზიანება და განადგურება. სხვადასხვა დაზიანება მიიღეს როგორც სამართალდამცავებმა, ისე პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვისთვის შეკრებილმა მოქალაქეებმა.

ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ არსებობს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების როგორც ფორმალური ისე ფაქტობრივი საფუძვლები, რაც დასაბუთებულია არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და სასამართლო პრაქტიკით დადგენილი სატდნდარტებით.

პროკურატურის განცხადებით, ევროკონვენციის მეხუთე მუხლი პირდაპირ ადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლებს, როცა სახეზეა დანაშაულის ჩადენის შესახებ საფუძვლიანი ეჭვი, მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელისშეშლის და მოწმეებზე ზემოქმედების და მათთან საიდუმლო გარიგებაში შესვლის საფრთხე. ამირან გულუაშვილის თქმით, საქმეზე შეკრებილია მტკიცებულებათა ერთობლიობა.

„ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხანგრძლივი ვადით“ - განაცხადა გულუაშვილმა.

მისი ინფორმაციით, შსს-ს მონაცემების თანახმად, ნიკა მელიას 2015-2019 წლებში საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი აქვს 24-ჯერ, მაღალი თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით და მისი გამოყენებით 2017-2018 წლებში საზღვარი ექვსჯერ გადაკვეთა.

ამირან გულუაშვილის თქმით, დიპლომატიური პასპორტი პირს საშუალებას აძლევს უცხო ქვეყანაში შესვლის გამარტივებული პროცედურებით და პრივილეგიებით ისარგებლოს, მათ შორის გამარტივებული საბაჟო და სასაზღვრო პროცედურებით. ამ გარემოებებიდან და ნიკა მელიას ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, პროკურატურას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მელია თავისუფლად შეძლებს საზღვარგარეთ სათანადო პირობების შექმნას მართლმსაჯულებისთვის თავის ასარიდებლად.

გულუაშვილის განმარტებითვე, მელიას ბრალი ედება, რომ დაიყოლია მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაზე, რაც მიუთითებს რომ მას აქვს გარკვეული შესაძლებლობა ადამიანებზე მოახდინოს გავლენა და დაიყოლიოს დანაშაულის ჩადენაზე. პროკურატურა ხედავს მოწმეებზე ზეგავლენის და მათთან ფარული გარიგების საფრთხესაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG