Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები პარლამენტის უკან აქციას მართავენ


პარლამენტის უკან, ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების საპროტესტო აქცია. მოქალაქეები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ელოდებიან იურიდიული და საპროცედურო კომიტეტის სხდომის დასრულებას, სადაც განიხილება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის გაუქმების საკითხი. პარლამენტის უკან რამდენიმე ათეული ადამიანია შეკრებილი, ისინი დეპუტატების გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით, პროკურატურამ პარლამენტს 25 ივნისს, საღამოს მიმართა.

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, 20 ივნისს, 21 საათზე, პარლამენტის წინ შეკრებულ აქციის მონაწილეებს, ნიკა მელიამ მიმართა და განაცხადა, რომ თუ მოთხოვნები ერთ საათში არ დაკმაყოფილდებოდა, ისინი პარლამენტში უნდა გადასულიყვნენ.

ამირან გულუაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მოთხოვნები არ შესრულდა, პარლამენტში შეჭრის მიზნით მოქალაქეთა ნაწილმა მელიას ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დაიწყო ძალადობა პარლამენტის წინ განლაგებულ სამართალდამცავებზე, იარაღად სხვადასხვა ნივთის გამოყენებით მოხდა მათზე თავდასხმა და კუთვნილი ნივთების დაზიანება და განადგურება.

ნიკა მელია 26 ივნისს, 10 საათზე იყო დაბარებული ბრალის წარსადგენად, თუმცა, ის პროკურატურაში არ მივიდა.

დეპუტატები ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს კენჭს ცოტა ხანში უყრიან.

XS
SM
MD
LG