Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ნიკა მელიას საქმეზე: გვაქვს ზღვა ვიდეომასალა, დამონტაჟებული და დაუმონტაჟებელი


პროკურატურა აცხადებს, რომ ნიკა მელიას საქმეზე უწყებას აქვს ხანგრძლივი ვიდეომასალა. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

“რეალურად, ზღვა მასალაა ეს ვიდეომასალა, რაც ჩვენ მიერაა მოპოვებული, რაც ჩვენთან არის წარმოდგენილი: გავრცელებული სოციალურ ვებგვერდებზე, მედიასაშუალებებით, დამონტაჟებული, საეთეროდ გამზადებული და დაუმონტაჟებელი ანუ შავი მასალა”, - თქვა გულუაშვილმა.

ვიდეოჩანაწერებთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, საქმეში არის 6 მოწმე, რომელთაგან 4 სუს-ის თანამშრომელია, 2 კი „ქართული ოცნების“ აქტივისტი.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას გენერალური პროკურატურა ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ ანტისამთავრობო და ანტიოკუპაციურ აქციაზე.

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირეს პროკურატურის მიმართვას. თუ იგივე განმეორდება პლენარულ სხდომაზე, შესაძლებელი გახდება ნიკა მელიას დაკავება და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

XS
SM
MD
LG