Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-21 ივნისის ღამეს დაშავებულიდან 10 საავადმყოფოში რჩება


ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 20-21 ივნისის ღამე დაშავებულთაგან ამ დროისთვის 10 კვლავ საავადმყოფოში რჩება. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ერთი დაშავებული, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდებოდა, კვლავ მართვით სუნთქვაზეა. მას რეზინის ტყვია თავში აქვს მოხვედრილი და საავადმყოფოში შეყვანისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკაცი იდენტიფიცირებულია, თუმცა მის პირად მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტრო არ გასცემს.

მართვით სუნთქვაზე დამზოგველ რეჟიმში იმყოფება კიდევ ერთი დაშავებული, სავარაუდოდ დავით ფარადაშვილი, რომელსაც ტყვია ასევე თავის არეში აქვს მოხვედრილი. მის შესახებ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კომატოზური მდგომარეობიდან გამოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზე მყოფი მეორე პაციენტის კლინიკური მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ჯერ კიდევ სჭირდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და ჯერაც მართვით სუნთქვაზეა.

საავადმყოფოში ამ დრომდე მყოფებს შორის არიან დემეტრე ნაყოფია, რომლის თვალის გადარჩენაც ექიმებმა შეძლეს, მაგრამ კვლავ ინტენსიურ მკურნალობას გადის და გიორგი სულაშვილი, ასევე დაზიანებული თვალით და დამსხვრეული სახის ძვლებით. გიორგის თვალის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავდა 240 ადამიანი, მათგან 80 პოლიციელი, 34 ჟურნალისტი. დაშავებულთა ნაწილს რეზინის ტყვია სახეში მოხვდა. ორმა დაშავებულმა თვალი დაკარგა, სხვა ორი ადამიანი მართვით სუნთქვაზეა.

20 ივნისის ღამეს შსს-მ აქციის 305 მონაწილე დააკავა. 24 ივნისს 10 სამართალდამცველს, რომელიც აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა.

საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება და მოქალაქეები შს მინისტრის გადადგომას, დაკავებულების გამოშვებას და იმ პოლიციელების დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც დარბევისას ძალას გადააამეტეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG