Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა ნაცვლიშვილი ოპოზიციას - მათ მიატოვეს ნიკა მელია და ეს არის სამწუხარო


„ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვაზე, ნიკა მელიას ტრაკით აკეთებდნენ აბსოლუტურად ყველაფერს იმ დღეებში და ისინი დღეს აქ არ სხედან და ნიკა მელია მათ მიატოვეს და ეს არის სამწუხარო“, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო ოპოზციის, მისი თქმით, პირველ რიგში, „ევროპული საქართველოს“ წევრებს.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მას რამდენიმე მიზეზის გამო უჭირს გადაწყვეტილების მიღება, დაუჭიროს თუ არა მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს.

„ძალიან მძიმეა, როდესაც პარლამენტი ჩადგა იმ მდგომარეობაში, რომ მან ადამიანის თავისუფლება არ თავისუფლებაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე გადაწყვეტილებას მირთულებს ისიც, რომ ჩემი გემოვნებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი. მე ამ გადაწყვეტილებას მირთულებს ისიც, რომ „ევროპული საქართველო“ დღეს აქ არ ზის, მე არ ვლაპარაკობ „ნაციონალურ მოძრობაზე“, იმიტომ, რომ ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვაზე, ნიკა მელიას ტრაკით აკეთებდნენ აბსოლუტურად ყველაფერს იმ დღეებში და ისინი დღეს აქ არ სხედან. და ნიკა მელია მათ მიატოვეს და ეს არის სამწუხარო. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ პოლიტიკურად ვერ დავამარცხეთ. ვერ დავამარცხეთ. და ეს უაზრო დიქოტომია, რომ არსებობს პრორუსული, პროდასავლური ძალები, რომლის შენარჩუნებასაც ჩვენ ხელი შევუწყვეთ და რომლის საფუძველზეც ნებისმიერ დეპუტატს თუ პოლიტიკოსს შეიძლება მიაკერონ რაღაც მარკა, პრორუსულის, პროდასავლურის და ა.შ. ეს არის ამ ქვეყნის დიდი ტრაგედია. ეს დიქოტომია ანგრევს ამ ქვეყანას. ეს ერთი წელი, რაც არჩევნებამდე დარჩა, ამ ქაოსში კი არ წარიმართოს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების დაყენებაში, არამედ წარიმართოს გონივრულ დიალოგში, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან და შესაბამისად, როგორ უნდა ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნები“, - ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა, ნიკა მელიას გადაწყვეტილება იყო, რომ ის პლენარულ დარბაზში მარტო დარჩენილიყო "ქართული ოცნების" პირისპირ. თუმცა, მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიკა მელია მარტოა.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 6-მა წევრმა ერთის წინააღმდეგ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 9 წევრმა 3-ის წინააღმდეგ.

ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს ბიუროს სხდომაზე.

გენერალური პროკურორის მიმართვაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG