Accessibility links

ახალი ამბები

დღე მეშვიდე - პარლამენტის წინ აქცია განახლდა

პარლამენტის წინ განახლდა საპროტესტო აქცია „სირცხვილია 7.0“, რომელიც უკვე მეშვიდე დღეა მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე.

აქციების მეშვიდე დღეს, დემონსტრანტების მთავარ მოთხოვნად რჩება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. დემონსტრანტების თქმით, სწორედ ის არის პასუხისმგებელი 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე.

დემონსტრანტების სამი მთავარი მოთხოვნიდან, ერთი მოთხოვნა, 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ 24 ივნისს დაკმაყოფილდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს 20-21 ივნისის ღამეს დაკავებული დემონსტრანტები, რომლებსაც სხვადასხვა ადმინისტრაციული სასჯელი ჰქონდა შეფარდებული, მათ შორის პატიმრობა. შსს-ს ცნობით, ამ დროისათვის, პატიმრობაში მხოლოდ 3 დემონსტრანტი რჩება.

20-21 ივნისის ღამეს, ჯამში საპროტესტო აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

21 ივნისს პოსტი დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მანდატი დატოვა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომელიც ასამბლეის ორგანიზატორი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი

ქალების ჯგუფი ჟურნალისტებს დაესხა თავს პრესკონფერენციაზე ყაზახეთში

ქალების ჯგუფი თავს დაესხა ჟურნალისტებს, რომლებიც უფლებების დამცველი ორგანიზაციის პრესკონფერენციას აშუქებდნენ ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმა-ატაში.

ჩანს, კოორდინირებული თავდასხმისას, 20-მდე კარგად გაწვრთნილი ქალი შეიჭრა პრესკონფერენციაზე 22 ივლისს, „უფლებების დაცვის“ ყაზახეთის ბიუროში. არასამთავრობო ჯგუფი ცდილობდა ელაპარაკა სამი დაპატიმრებული ქალის ბედზე, რომლებიც, სავარაუდოდ, შედიან ყაზახეთში აკრძალულ ოპოზიციურ გაერთიანებაში.

თავდამსხმელები ხმამაღლა ყვიროდნენ რუსულ ენაზე, „ არ გადაიღოთ“ და ურტყამდნენ ჟურნალისტებს, ამსხვრევდნენ მათ აპარატურას. ჟურნალისტებს შორის, ვისაც თავს დაესხნენ, იყვნენ რადიო თავისუფლების, კერძო მაუწყებლის - „ალმატი ტი-ვის“ და „კაზტაგ-ის“ ახალი ამბების სააგეტნოს კორესპონდენტები და ოპერატორები. რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, ნურგულ ტაპაევას დაარტყეს, ხოლო მისი ოპერატორის ტოკმოლდა კუსაინოვის აღჭურვილობა დააზიანეს. „ალმატი ტი-ვის“ კამერაც დაზიანდა, ხოლო „კაზტაგის“ კამერა თავდამსხმელებმა წაიღეს.

პრესკონფერენცია ეწყობოდა უფლებადაცვის აქტივისტების და ადვოკატების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ ივლისში დაკავებულ სამი ქალს, ოკსანა შევჩუკს, ჟაზირა დემეუოვას და გულზიპა ჟაუკეროვას, რომლებსაც ბრალად აქვთ წაყენებული არასანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობა.

ოქრუაშვილი: რუსთავი 2-ისთვის დავა ჩემთვის პოლიტიკური პროცესია

„ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის დავა, ჩემთვის არ არის იურიდიული პროცესი. ეს არის პოლიტიკური პროცესი“, - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი, „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მან სწორედ ამიტომ თქვა უარი სასამართლო დავის წამოწყებაზე სხვა ქვეყნებში:

„ლონდონში ან პარიზში რომ შემეტანა ეს დავა, მაშინ პოლიტიკური პროცესის და პოლიტიკური ჭრილის შეძენა ამ საქმისთვის შეუძლებელი იქნებოდა. ჩემთვის ახლა ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი, რადგან ამ ყველაფრის უკან დგას ივანიშვილი, ამ ქვეყნის მმართველი და ვაპირებ, რომ ბურთი მის მოედანზე გადამეგდო, საქართველოში, სასამართლოში, რათა კიდევ ერთხელ გაირკვეს, ამ ქვეყანას მომავალი აქვს თუ არა. ლონდონში მე ამ დავას დავასრულებდი დაახლოებით რვა წლის მერე. რუსთავი 2 ივანიშვილისთვის პოლიტიკური იარაღია, ჩემთვის კი პოლიტიკური პროცესი“, - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოლიტიკური მოძრაობის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღების შესახებ.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 19 ივლისს მიმართა.

ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ „რუსთავი 2”-ზე საკუთრების უფლება მას ეკუთვნის და არა ხალვაშს.

ინდოეთმა მთვარეზე გაგზავნა საპლანეტათაშორისო სადგური

ინდოეთმა მთვარეზე გაგზავნა საპლანეტათაშორისო სადგური „ჩანდრაიან-2“, რომელიც შედგება დასაჯდომი მოედნისგან, მთვარის თვითმავლისა და ორბიტული აპარატისგან. თუკი მთვარეზე დაჯდომა, რომელიც სექტემბრის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი, წარმატებით ჩაივლის, ინდოეთი გახდება მეოთხე ქვეყანა, რომელიც მთვარის ზედაპირზე კოსმოსური აპარატის დასმას შეძლებს.

კოსმოსში გაიგზავნა თანამგზავრი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დაყოფს მთვარის ორბიტაზე და გადაიღებს ზედაპირს, დასაჯდომ მოედან „ვიკრამს“ და თვითმავალ „პრაგიანს“.

თავდაპირველად ინდოეთი „ჩანდრაიან-2“-ის მთვარეზე გაგზავნას 2013 წელს გეგმავდა რუსეთთან ერთად. მაგრამ 2011 წელს რუსეთის მისიის, „ფობოს-გრუნტის“ ჩავარდნის შემდეგ მოსკოვთან პარტნიორობაზე უარი თქვეს.

ოქრუაშვილი: რაკი დვალმა ისურვა ამაზე საუბარი, ვფენ ბინძურ თეთრეულს

„პოლიტიკაში არსებობს ტერმინი, ბინძური თეთრეულის გამოფენა. ჩემი მიზანი არ ყოფილა ამ თეთრეულის გამოფენა, მაგრამ დვალმა ისურვა ამ თემაზე ლაპარაკი“, - ასე ეხმაურება ირაკლი ოქრუაშვილი, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი, რუსთავი 2-ის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ყოფილი მფლობელის დავით დვალის მიერ გასაჯაროებულ ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებას, რომელიც მან პროკურატურას 2014 წლის პირველ აპრილს მისცა.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მან აღნიშნული ჩვენება ბიძინა ივანიშვილისა და პროკურორ ირაკლი შოთაძის მითითებით მისცა იმის სანაცვლოდ, რომ 2014 წლის 15 ივნისს, თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობისთვის იბრძოდა, მმართველი პარტიის მხარდაჭერას მიიღებდა:

„ეს არის პერიოდი, როდესაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ „ცხენზე ზის“ და მათთვის კონკურენციის გაწევა ადვილი არ არის. მე დავიწყე საერთო ენის გამონახვა ბიძინა ივანიშვილთან , რომ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. ერთი, ხელი არ შემეშალა და დისონანსი არ შემეტანა მათ გეგმებში, და მეორე, გარკვეული სახის, მინიმუმ ხელის არ შეშლა და მაქსიმუმ მხარდაჭერა მიმეღო მათგან. ამისთვის შუამავლობა ვთხოვე დათო უსუფაშვილს, მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს. ამას ვლაპარაკობ დათო უსუფაშვილთან შეთანხმებით. უსუფაშვილმა ივანიშვილისგან მომიტანა ძალიან მარტივი გზავნილი. მან ტელეფონზე გამომიგზავნა მესიჯი, სადაც ივანიშვილი აბარებს: „პროკურორი შოთაძე დაუკავშირდება, ისაუბრონ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ“. პროკურორი შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, მან მომთხოვა იმ სახის ჩვენების მიცემა, როგორი სახითაც მიცემული მაქვს ეს ჩვენება“.

2014 წლის პირველ აპრილს ირაკლი ოქრუაშვილის მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით, საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მითითებით, მფლობელების დაყოლიების შემდეგ, წილები უნდა გაფორმებულიყო საზოგადოებისთვის ცნობილ ბიზნესმენზე:

„სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება მალე, ინფორმაცია ცნობილი არ უნდა გამხდარიყო ფართო მასებისთვის. ჩემი ინფორმაციით, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე, ისე რომ, მათთან მოლაპარაკების პროცესი გაიწელა რამდენიმე კვირის მანძილზე. ერთ-ერთ შეხვედრაზე ადეიშვილმა და მერაბიშვილმა მითხრეს, რომ აქიმიძე და დვალი წილის გასხვისებაზე უარს აცხადებდნენ და მათთან მოლაპარაკების გზით შედეგს ვერ მიაღწევდნენ. მათი განმარტებით, საჭირო იყო გარკვეული ხერხებით მათთვის ეიძულებინათ ტელევიზიის წილების დათმობა. კონკრეტულად იძულების რა ხერხების გამოყენებას აპირებდნენ ჩემთვის არ უთქვამთ… ივნისში შეხვედრისას მათ მითხრეს, რომ მათმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მათი ძალისხმევის შედეგად დვალი და აქიმიძე თანახმა იყვნენ წილების გასხვისებაზე. საჭირო იყო ახალი მფლობელის მოძებნა. აქიმიძისა და დვალის მიერ წილების გადაფორმების შემდეგ, ჩვენსა და დამფუძნებლებს შორის შეხვედრა მოხდა ჩემს სამუშაო კაბინეტში, საქართველოს შსს-ს ცენტრალურ ოფისში. ადეიშვილმა და მერაბიშვილმა უთხრეს რომ შეეძლოთ თავისუფლად გაეგრძელებინათ მათი ბიზნეს საქმიანობა და ამის შემდეგ მათ აღარავინ შეეხებოდა“.

ირაკლი ოქრუაშვილმა 22 ივლისს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა ტელეფონი, რომლითაც ის 2014 წელს სარგებლობდა და რომელშიც მისი თქმით, არაერთი მაღალჩინოსნის გზავნილია შენახული:

„მე შემიძლია გადმოგცეთ ეს ტელეფონი. და იმდენი მაღალჩინოსნის მესიჯს ნახავთ, თმა ყალყზე დაგიდგებათ“.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი აღნიშნავს, რომ ის პირადად შეუთანხმდა დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს სამაუწყებლო კომპანიის წილების გაყიდვის თაობაზე და ქიბარ ხალვაში მხოლოდ ნომინალური ფიგურა იყო ამ მოლაპარაკებებში.

დავით დვალი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს მასთან და მეორე დამფუძნებელთან, ჯარჯი აქიმიძესთან მოლაპარაკებები არასდროს უწარმოებია.

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ 22 ივლისს განცხადება გაავრცელეს. განცხადების თანახმად, ისინი თავს დაზარალებულად მიიჩნევენ და„რუსთავი 2“-ისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ სამართლიანობა აღდგება, მაშინ როდესაც ტელევიზია მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება.

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს უარი უთხრა "რუსთავი 2"-ის წილების დაყადაღებაზე

ქიბარ ხალვაში. ირაკლი ოქრუაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოლიტიკური მოძრაობის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღების შესახებ.

„ახლა ჩვენ გვაქვს არჩევანი გავასაჩივროთ განჩინება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ ამაზე. ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი განაცხადი წილების გასხვისებაზე აკრძალვა და ოთხშაბათს საღამომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა 22 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 19 ივლისს მიმართა.

ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ „რუსთავი 2”-ზე საკუთრების უფლება მას ეკუთვნის და არა ხალვაშს.

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად, ისინი თავს დაზარალებულად მიიჩნევენ და„რუსთავი 2“-ისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ სამართლიანობა აღდგება, მაშინ როდესაც ტელევიზია მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება.

„2004 წელს ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული. მან ძალადობითა და ყაჩაღობით მიითვისა ჩვენს საკუთრებაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რითაც ფეხქვეშ გათელა ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებები, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება, საკუთრების ხელშეუხებლობა და რაც მთავარია, მოქალაქის თავისუფლება და ღირსება.

დღეს რუსთავი 2-ის ირგვლივ დატრიალებულმა მოვლენებმა, არსებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ დაგვაყენა იმ ფაქტის წინაშე, რომ შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს მედიალანდშაფტი საქართველოში.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ ფუნქციონირებს ხელისუფლების შტოების დაყოფის მექანიზმი, სასამართლო სიტემაში მიმდინარეობს არაჯანსაღი პროცესები და ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ყველა სფეროში ხდება რუსული მტრული ძალების ინფილტრაცია, ქვეყნის დემოკრატიული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ რუსთავი 2-მა მოახერხოს პარტიული ზეგავლენისგან გათავისუფლება რათა აღიდგინოს გამოკვეთილად კრიტიკული და ჩასაფრებული მიუკერძოებელი მეთვალყურის (ე.წ. ვოჩდოგის), მეოთხე ხელისუფლების ფლაგმანის ფუნქცია.

როგორც არ უნდა დამთავრდეს რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პერიპეტიები, ჩვენ, ტელევიზიის დამფუძნებლები და ამ საქმის მთავარი დაზარალებულები, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ სახელმწიფოს უმოქმედობასა და გვერდზე გადგომის მცდელობას და ჩვენი ერთი კერძო პირის კეთილი ნების ანაბარა დატოვებას. ჩვენ განვაგრძობთ უკომპრომისო ბრძოლას სამართლიანობისთვის - სახელწიფო ვალდებულია დაიცვას ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უხეშად დარღვეული უფლებები.

დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში. ვიმეორებთ, სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“, - განცხადებას ხელს აწერენ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.

ირაკლი ოქრუაშვილი: „ვარდების რევოლუცია“ მე დავაფინანსე

„გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის გამოსასყიდად, მის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს 1 200 000 ლარი გადაუხადა. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ოქრუაშვილმა ისიც განაცხადა, რომ დვალს გადაუფორმა დაახლოებით 800 ათასი ლარის ღირებულების კომპანია „ჯორჯიან ონლაინი.“ შეკითხვას, სად იშოვა ამ ოდენობის თანხა, ირაკლი ოქრუაშვილმა უპასუხა: „თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ მილიონ 200 ათასი რა თანხაა იმ შესაძლებლობებისთვის, რაც მე მქონდა, დაახლოებით იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ფული მეშოვა“.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, სწორედ მისი დაფინანსებულია 2003 წლის "ვარდების რევოლუციაც."

„2003 წელს კონსპირაციების თეორიებს რომ აწყობთ და იძახით, რომ სოროსმა დააფინანსა ან ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. 2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით დაფინანსებული იყო ჩემს მიერ“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ხალვაშმა ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

ქიბარ ხალვაშის ადვოკატს შეაქვს განცხადება გენერალურ პროკურატურაში

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ.

„ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას“ - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა, ნინო ბარაჩაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, ოქრუაშვილის მიერ მოხსენიებულ დოკუმენტზე ხელმოწერების ნამდვილობის დასადგენად ექსპერტიზაა დანიშნული სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ადვოკატმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, იმყოფებოდა თუ არა ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ბიუროში.

ნინო ბარაჩაშვილის განცხადებით ელოდებიან ექსპერტიზის და გამოძიების პასუხებს და ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ გააკეთებს.

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკური მოძრაობის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ მისგან და მასთან აფილირებული პირებისგან ქიბარ ხალვაშმა 2005-2010 წლებში ისესხა 7,7 მილიონი დოლარი წლიური 10%-ით და ამასთან, რეალურად „რუსთავი 2”-ზე საკუთრების უფლება ეკუთვნის მას და არა ხალვაშს

19 ივლისს, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, გიორგი ზედელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის წილი ირაკლი ოქრუაშვილმა შეიძინა ქიბარ ხალვაშის სახელით და მათ შორის გაფორმებულ შეთანხმებაში ხალვაში ადასტურებს, რომ წილზე საკუთრების უფლება აქვს ოქრუაშვილს და არა მას.

ადვოკატის თქმით, აქვთ სამი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მეორე მხარემ სადავოდ გახადა, სასამართლომ დოკუმენტი გაგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკამყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია "პანორამა" დაარეგისტრირა ტელეკომპანიის მფლობელად(60% ქიბარ ხალვაში, 40% "პანორამა").

უკრაინის არჩევნებში პრეზიდენტის პარტია იმარჯვებს

„ხალხის მსახური“, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პარტია, ჩანს იმარჯვებს უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 44 პროცენტით, იტყობინება ცენტრალური საარჩევნო კომისია 22 ივლისის დღის პირველ ნახევარში.

ყოფილი კომიკოსი, რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს ორი თვის წინ, იმარჯვებს უკრაინის 199-იდან 125 საარჩევნო ოლქში. „ხალხის მსახურმა“, წინასწარი მონაცემებით, მოიგო უმრავლესობა პარტიული სიებით, ანუ ადგილების 42 პროცენტი - 122 მანდატი. პირველად დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში ერთი პარტია მოიპოვებს უმრავლესობას.

კომისიის თანახმად, მეორე ადგილზეა პრორუსული „ოპოზიციური პლატფორმა“, რომელსაც 43 მანდატი შეიძლება შეხვდეს.

უკრაინაში შერეუული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, პარლამენტის ნახევარს პარტიული სიებით გასული დეპუტატები აკომპლექტებენ, დანარჩენს - მაჟორიტარი დეპუტატები.

ამომრჩევლების აქტიურობა 21 ივლისის საპარლამენტო არჩევნებში დაახლოებით 50 პროცენტს უდრიდა.

გარდაიცვალა ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი იუკია ამანო

გაეროს ატომური უწყების, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, იუკია ამანო გარდაიცვალა. ამით თაობაზე ცნობა გაავრცელა სააგენტომ 22 ივლისს.

სააგენტოს სამდივნო თავის განცხადებაში იუწყება „უღრმესი მწუხარებით, რომ გარდაიცვალა გენერალური დირექტორი, იუკია ამანო“.

განცხადებაში არ არის ნათქვამი, რა მიზეზით გარდაიცვალა 72 წლის ამანო. ცნობით, ამანო გეგმავდა გადამდგარიყო თანამდებობიდან მარტის თვეში, სანამ მას მესამე ოთხწლიანი ვადა გაუვიდოდა.

ევროკაშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი წერს თავის განცხადებებში, რომელიც ტვიტერით გაავრცელა, რომ ერთობ დაამწუხრა ამანოს სიკვდილმა და მას უწოდებს „ გადაწყვეტილების განსაკუთრებული უნარის და პროფესიონალიზმის მქონე კაცს", რომელიც მუდამ მზად იყო მიუკერძოებლადემსახურასაერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

ამანო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელობდა 2009 წლიდან.

საქართველოში იწყება წვრთნები ნატოელი სამხედროების მონაწილეობით

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა მრავალეროვნული სწავლების, Agile Spirit 2019-ის დაწყებასთან დაკავშირებული პრეზენტაცია.

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას 27 ივლისიდან უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო. მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება და მოიცავს როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს.

სწავლება პარალელურად გაიმართება სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე და ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე.

Agile Spirit 2019-ის მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესება და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება.

22 ივლისს გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ქვეყნისთვის დიდი პატივია ჩაერთოს სწავლებების ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - აშშ-ის ევროპული სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში ატარებს პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად.

“ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში“ - თქვა ლევან იზორიამ.

სამხედრო სწავლება 9 აგვისტოს დასრულდება. Agile Spirit-ი საქართველოში 2011 წლიდან ტარდება.

ირანში ჯაშუშობისთვის ეჭვმიტანილი 17 პირი დააკავეს, ზოგს სიკვდილით დასჯიან

ირანის დაზვერვის სამინისტროს 22 ივლისის ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა „წარმატებულად გაანადგურა“, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის „ჯაშუშთა ქსელი“. „ზოგიერთს სიკვდილი მიუსაჯეს, ზოგიერთს მრავალწლიანი პატიმრობა“, - განაცხადა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომლის სახელი უცნობია.

ირანული სახელმწიფო მედიის თანახმა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სასარგებლო ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს ირანული კალენდრით იმ წელიწადში, რომელიც 2019 წლის მარტში დასრულდა.

"გამოვლენილ ჯაშუშებს იყენებდნენ კერძო სექტორების მგრძნობიარე და სასიცოცხლოცენტრებში, სადაც ისინი საიდუმლო ინფორმაციებს აგროვებდნენ ეკონომიკის, ბირთვულ, ინფრასტრუქტურულ, სამხედრო და კიბერ სფეროების შესახებ“, - ნათქვამია ირანის დაზვერვის სამინისტროს განცხადებაში.

ირანულმა სახელმწიფო მედიამ ასევე გამოაქვეყნა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს იმ სავარაუდო ოფიცრების ფოტოები, რომლებსაც კავშირის ჰქონდათ ირანში მოქმედ ჯაშუშებთან.

ამ ინფორმაციის ფონია, მზარდი დაძაბულობა დასავლეთსა და ირანს შორის, რასაც ბიძგი მისცა აშშ-ის მიერ მაისში ხელახლა დაწესებულმა მკაცრმა ეკონომიკურმა სანქციებმა თეირანის მიმართ.

გასული კვირის ბოლოს ირანმა შეიპყრო ბრიტანული ტანკერი ჰორმუზის სრუტეში, თეირანის თანახმად, ბრიტანელი მეზღვაურების მიერ 4 ივლისს, ირანული ტანკერის შეპყრობის საპასუხოდ გიბრალტარის სრუტეში.

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ზე: „ვშიშობ, რომ ამგვარი დამოკიდებულება აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს“

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ავრცელებს კომპანიის მფლობელის - ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომელშიც ავტორი აკტირიკებს ტელეკომპანიის კონტენტს:

„სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას“.

გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:

„რამდენიმე დღე გავიდა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებიდან, რომელმაც ყველას დაანახა რომ სამართალი, შეიძლება გვიან, მაგრამ აუცილებლად აღსრულდება.

რამდენიმე დღეა, რაც ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევით, მშვიდად და ცივილიზებულად ვცდილობთ განვაგრძოთ თანამშრომლობა.

18 ივლისს, სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ არხზე ყველას შეეძლო დარჩენა და რომ ახალი მენეჯმენტი მზად იყო, ემუშავა უკლებლივ ყველა თანამშრომელთან, ნიკა გვარამიას გარდა.

ასევე, მე ხაზგასმით ვთქვი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნებოდა დაცული.

სამწუხაროდ, ჩემს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაბრუნებული ტელეკომპანიის ეთერიდან ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, ბევრი რამ მოვისმინეთ ისეთი, რაც სწორედ იმ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რასაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ეფუძნება. ჩემთვის ყველაზე შოკისმომგვრელი არის ის განცხადებები, რომლებიც პირდაპირ მიმართულია ევროპული სასამართლოს და მისი მოსამართლეების დისკრედიტაციისაკენ და უნისონშია ჩემს მიერ გათავისუფლებული გენერალური დირექტორის განცხადებებთან. ვშიშობ, რომ ამგვარი დამოკიდებულება აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს. ეს კი დიდი ალბათობით უარყოფითად აისახება არხის პოპულარობასა და რეიტინგზე. იმედს ვიტოვებ, რომ ეს მიზანმიმართულად არ ხდება.

მიუხედავად ამისა, ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ მუშაობას და ჩემს მიერ დანიშნული დირექტორი, კონსულტანტებთან ერთად, პრაქტიკულად 24 საათიან რეჟიმში ეცნობა კომპანიაში ვითარებას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ურთულესია.

ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს კრიზისი და უზრუნველვყოთ არხის გამართული მუშაობა.

ასეთ ვითარებაში, როდესაც, ერთის მხრივ, კომპანიის დირექტორი მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, ხოლო, მეორეს მხრივ, ეთერიდან გვესმის ჟურნალისტების აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები, რომლებიც აცდენილია არხის მიერ დეკლარირებულ ღირებულებებს, როდესაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხდება დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ვფიქრობ, რომ კომპანიას აუცილებლად სჭირდება სწორედ დასავლური გამოცდილების მქონე მედია-მენეჯერი, რომელიც დაეხმარება არხს მაღალი ხარისხის, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისი, კრიტიკული სატელევიზიო პროდუქტის შექმნაში.

მე დაწყებული მაქვს შესაბამისი კადრის მოძიების პროცესი. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეირჩევა და დაინიშნება მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი.

მე, ბუნებრივია, საკუთარი სიტყვის ერთგული ვრჩები და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული. თუმცა აქვე მინდა ყველას ვუთხრა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას. სარედაქციო დამოუკიდებლობის სრულფასოვანი რეალიზება მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული მედიასტანდარტების პირობებშია შესაძლებელი.

მიმაჩნია, რომ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა და ჟურნალისტთა დამოუკიდებლობა უნდა გამომდინარეობდეს იმ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებიდან, რომლებსაც ეფუძნება თანამედროვე ცივილიზებული მედია. ესაა ჟურნალისტის პროფესიული თავისუფლების პირობებში მიღწეული მიუკერძოებლობა და გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე, რამაც სანდოობა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი უნდა უზრუნველყოს; ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლება იმგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ არ მიაყენოს ზიანი ან შეურაცხყოფა აუდიტორიას, დაიცვას ეთიკური სტანდარტი და არ დაუშვას შეგნებულად სიცრუის და ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელება, ყველა მხარეს უნდა მიეცეს აზრის და პოზიციის გამოხატვის საშუალება.

ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპები, დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტებისთვის ახალი არაა და მჯერა, რომ ამ პრინციპების დაცვით შევძლებთ ერთობლივ მუშაობას. სწორედ ამ პრინციპების და სტანდარტების განუხრელად დაცვის ხელშესაწყობად ვარჩევთ მაღალი რეპუტაციისა და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე უცხოელ მედია-მენეჯერს და დარწმუნებული ვართ, რომ არხზე ამჟამად მომუშავე პროფესიონალები იოლად გამონახავენ მასთან საერთო ენას".

თამარ მეარაყიშვილი: მიზანი აქვთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს მამყოფონ იზოლაციაში

თამარ მეარაყიშვილი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პროკურატურამ ე.წ. საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა ახალგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს მოეხსნა ყველა ბრალდება და თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა.

2017 წელს, ე.წ-მა პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილს ბრალად დასდო „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღება, ყალბი დოკუმენტის გამოყენება და ცილისწამება ადგილობრივი მმართველი პარტიის „ედინაია ოსეტიას“ მიმართ.

2019 წლის 10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ახალგორელმა მოსამართლემ, ფატიმა პარასტაევამ სამოქალაქო აქტივისტს ყველა ბრალდება მოუხსნა. ეს გადაწყვეტილება ე.წ-მა პროკურატურამ გასული კვირის ბოლოს გაასაჩივრა.

22 ივლისს, თამარ მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლების გადაცემა „დილის საუბრებში“ თქვა, რომ პროკურატურამ ახალგორის სასამართლოს გადაწყვეტილება ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, პრაქტიკულად, ბოლო წუთებში გაასაჩივრა.

„მთელი ეს ორი წელი მუდმივად დავდიოდი სასამართლოში, სადაც არ ცხადდებოდნენ მომჩივანები, ან პროკურატურის წარმომადგენელი. ექვს თვეში ერთხელ ესწრებოდნენ თითო საქმეს. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებაც ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება დიდხანს მამყოფონ ასეთ პირობებში, რადგან ჯერჯერობით ვერ შევა ძალაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება“ - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

მისი ინფორმაციით, მეორე ინსტანციამ საქმე ერთი თვის ვადაში უნდა განიხილოს, თუმცა, ე.წ. პროკურატურას შეუძლია დე ფაქტო უზენაეს სასამართლოსაც მიმართოს და ამ შემთხვევაში, ვადა შეზღუდული არ იქნება.

„ეს მიზანი აქვთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს მამყოფონ იზოლაციაში. ფაქტიურად შინაპატიმრობაა ის მდგომარეობა, რაშიც მე ვარ“ - ამბობს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი.

თამარ მეარაყიშვილს უკვე ორი წელია ჩამორთმეული აქვს დოკუმენტები, რომელთა გარეშე გადაადგილება შეუძლია მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონში. მას შეზღუდული აქვს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება, ან სხვა ქვეყანაში ჩასვლა. ამ მიზეზით, თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ახალგორში მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ვერ ახერხებს მაგალითად, საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებას და ურთიერთობას ნათესავებსა და ახლობლებთან. შეზღუდული აქვს შემოსავლის მიღების წყაროებიც.

სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, ადგილზე მასთან ურთიერთობა ყველას აუკრძალეს, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით.

თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, მისი საკითხი საქართველოს ხელისუფლებამ ერგნეთში, ოსურ მხარესთან შეხვედრებზე მხოლოდ სამჯერ დააყენა.

მიუხედავად ყველაფრისა, ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს იმედი აქვს, რომ საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწევს.

დაკავებულია პირი, რომელიც უცხოელს 7 ათას დოლარად პირდებოდა საქართველოს მოქალაქეობას

დაკავებულია პირი, რომელიც ირანის მოქალაქეს პირდებოდა თანხის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა ირანის მოქალაქეს, შევიდა მასთან ნდობაში და დაარწმუნა რომ სანაცნობო წრის მეშვეობით, შეეძლო დახმარებოდა მას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის და პასპორტის ოფიციალურად მიღებაში, რაშიც მოითხოვა 7 000 აშშ დოლარი. ბრალდებული დაკავებული იქნა მოთხოვნილი თანხის ნაწილის 440 ლარის აღების ფაქტზე.“

საგამოძიებო სამსახურის ცნობითვე, პირი დაკავებულია სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

უკრაინის ახალი პარლამენტის პირველი სხდომა შესაძლოა დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვიონ

უკრაინის პარლამენტის სხდომათა დარბაზი

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ ახალი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს ჩატარდეს - ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება გამოცემა „უკრაინსკა პრავდა."

ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კორნიენკომ დაადასტურა, რომ არსებობს პარლამენტის პირველი სხდომის აგვისტოში ჩატარების იდეა. რაც შეეხება თარიღს, კორნიენკოს განცხადებით, დამოუკიდებლობის დღე ლამაზი, სიმბოლური თარიღია.

უკრაინის პარლამენტის ვადამდელ არჩევნებში, რომელიც 21 ივლისს ჩატარდა, ყველაზე მეტი ხმა, 42%-ზე მეტი პრეზიდენტის პარტიამ, „ხალხის მსახურმა“ მიიღო.

არჩევნების წინასწარი შედეგებით, პარლამენტში წარმოდგენილი იქნება კიდევ 4 პოლიტიკური პარტია: „ოპოზიციური პლატფორმა,“ ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა,“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ და პარტია „ხმა.“

იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის მსურველ პროკურორებს მოუსმენს

საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გრძელდება გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებთან.

22 ივლისს, 10:30 საათიდან საბჭოს წევრები მოუსმენენ სამ კანდიდატს, მათ შორის საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს, მამუკა ვასაძეს.

23 ივლისს, იუსტიციის საბჭოს წევრები მოუსმენენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ სამ კანდიდატს, მათ შორის საქართველოს გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს.

დღემდე იუსტიციის საბჭოში გასაუბრება გაიარა 50-დან 9 კანდიდატმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 20 ივნისს ჩატარდა ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კანდიდატიდან შერჩევის შემდეგ ეტაპზე 50 გადავიდა.

საქართველოს კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში 28 მოსამართლეა. ამჟამად ვაკანტურია თანამდებობების ნახევარზე მეტი.

საქართველოში მყოფი უკრაინელების უმეტესობამ ხმა ზელენსკის პარტიას მისცა

საქართველოში მყოფი უკრაინელების უმეტესობამ, 35,36%-მა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიას „ხალხის მსახური.“

მეორე ადგილზე გავიდა ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“(23,95%), მესამეზე პარტია „ხმა“(20,53%).

დანარჩენმა პარტიებმა 5%-ზე ნაკლები მიიღეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ახალ ძალთა მოძრაობას“ ხმა მისცა საქართველოში მყოფი უკრაინელების 2,66%-მა.

უკრაინის საელჩოში გახსნილ უბანზე სულ ხმა მისცა 263-მა ამომრჩეველმა.

უკრაინის პარლამენტის ვადამდელ არჩევნებში, რომელიც 21 ივლისს ჩატარდა, 22 პარტია მონაწილეობდა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, პარლამენტში 5 პარტია შედის.

არჩევნების წინასწარი შედეგებით, უკრაინის პარლამენტში 5 პარტია შედის

უკრაინაში 21 ივლისს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 49,84% იყო

უკრაინაში 21 ივლისს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, პარლამენტის მანდატები მოიპოვა ხუთმა პარტიამ.

8:30 საათისთვის უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე გამოქვეყნებულია ოქმების 35,51%-ის შეჯამებით მიღებული შედეგები.

პირველ ადგილზეა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ 42,19%-ით. მას მოსდევს „ოპოზიციური პლატფორმა“ – 12,75%.

მესამე ადგილზეა ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“ – 8,71%. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს პარტიას, „ბატკივშინას“ ხმების 8,15% აქვს. 6,39%-ით ხუთეულის ბოლო ადგილზეა პარტია „ხმა.“

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კიდევ 17-მა პარტიამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. მათ შორის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის „ახალ ძალთა მოძრაობამ,“ რომელსაც დილის მონაცემებით, ხმების 0,47% აქვს.

უკრაინის პარლამენტი შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. 450 დეპუტატიდან პროპორციული წესით ირჩევენ 225-ს.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 49,84% იყო. წინა, 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 53,27% შეადგინა.

პარლამენტის შენობასთან თბილისში აქცია გაიმართა

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, 21 ივლისს, გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეების მოთხოვნაა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა.

ეს მსგავსი აქციების 32-ე დღე იყო. სიტყვით გამოსვლების პარალელურად, „ფლიმარკეტი“, მცირე ბაზრობა გაიმართა, რომელზეც 40-მდე სტარტაპერმა ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინა.

აქციის ორგინიზატორების განცხადებით, 22 ივლისიდან იგეგმება ყოველდღიური გადაცემა, იტყობინება სააგენტო ინტერპრესნიუსი.

ეგზიტპოლების თანახმად, უკრაინის არჩევნებში იმარჯვებს ზელენსკის პარტია, „ხალხის მსახური“, თითქმის 44 პროცენტით

ეგზიტპოლების მეტ-ნაკლებად მსგავს შედეგებს აქვეყნებენ სხვადასხვა ორგანიზაციები უკრაინის 21 ივლისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

წარმატებას მიაღწია პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ, „ხალხის მსახურმა“, რომელმაც სხვადასხვა წყაროს თანახმად, 42-44 % მიიმხრო.

დამაჯერებელი შედეგი აჩვენა მედვედჩუკის „ოპოზიციურმა პლატფორმამ“ (გამარჯვებულებს შორის ყველაზე პრორუსულმა ძალამ)- 11,5 %.

საშუალო მაჩვენებელი აქვთ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს „ევროპულ სოლიდარობას“ ( 8-9 %) და ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს "ბაკტივშჩინას" (7-8 %).

ვაკარჩუკის „ხმამ“ 6 % მიიმხრო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ამომრჩეველთა აქტივობამ დღის ბოლოსთვის 50,09 % შეადგინა.

თურქმენეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები უარყოფენ ბერდიმუჰამედოვის სიკვდილის შესახებ ცნობას

ბერდიმუჰამედოვი შვებულებაში შვილიშვილებთან ერთად. 2019 წლის ივლისი

თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სიკვდილის შესახებ ცნობა სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის თაობაზე მოსკოვში თურქმენეთის საელჩოზე დაყრდნობით იუწყება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ტასი. სააგენტოს მოჰყავს საელჩოს წარმომადგენლის სიმტყვები, რომ „ეს სრული სიცრუეა. ამ ცნობას უარვყოფთ“.

უფრო ადრე გავრცელდა ცნობა თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალებაზე.

ის გაავრცელა რადიოსადგურმა „ლაპარაკობს მოსკოვი“ ევრაზიული პრობლემების მონიტორინგის ცენტრის დირექტორ, ასლან რუბაევზე დაყრდნობით. რუბაევის თქმით, მას ინფორმაცია მიაწოდა „ნაცნობმა აშხაბადიდან, რომელიც სპეცსამსახურში მუშაობს“.

რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის თანახმად, მასაც მიაწოდეს ცნობა ბერდიმუჰამედოვის სიკვდილზე, მაგრამ არაერთმა მცდელობამ, დაედასტურებინათ, ან უარეყოთ ინფორმაცია, შედეგი ვერ გამოიღო.

სიკვდილის ცნობა უარყო ასევე თუქრმენეთის საელჩომ ყირგიზეთში, იტყობინება АКИ Пресс.

ბერდიმუჰამედოვი შვებულებაში იმყოფებოდა 15 ივლისიდან. 21 ივლისს თურქმენეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ეთერში აჩვენა კადრები, სადაც ჩანს ბერდიმუჰამედოვი, მაგრამ, ისინი გადაღებული უნდა იყოს რამდენიმე დღით ადრე, როცა პრეზიდენტი შვებულებაში გადიოდა, იტყობინება თურქმენული სამსახურის კორესპონდენტი აშხაბადიდან. მისი თქმით, ვითარება ქალაქში ორდინარულია.

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტია 2006 წლიდან. 2017 წელს გამართულ არჩევნებში მიიღო ხმების 97 პროცენტი და მესამე ვადით იქნა არჩეული.

ეგზიტპოლების თანახმად უკრაინის არჩევნებში იმარჯვებს ზელენსკის „ხალხის მსახური“

უკრაინაში 21 ივლისს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების პირველი შედეგების თანახმად, პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ, „ხალხის მსახურმა“ 43,9 პროცენტი მოაგროვა "ეროვნული ეგზიტპოლი 2019-ის" თანახმად.

მას მოსდევს პარტია „ოპოზიციური პლატფოომა“ 11,5 პროცენტით.

მესამე ძალა უშუალოდ საარჩევნო უბნების დახურვის შემდგომი მონაცემებით, „ევროპული სოლიდარობაა“, რომელსაც 8,9 პროცენტი მიემხრო.

იულია ტიმოშენკოს პარტიას," ბატკივშინას" მხარი დაუჭირა 7,6 პროცენტმა.

5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა პარტია „ხმამ“, რომელსაც 6,3 პროცენტი მიემხრო.

სხვა ეგზიტპოლების მონაცემები ძალიან ახლოსაა "ეროვნული ეგზიტპოლი 2019-ის" შედეგებთან.

არჩევნებში ჩაბმული იყო 22 პარტია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგები უნდა გამოქვეყნდეს 5 აგვისტომდე.

ნიკა გვარამია: "რუსთავი 2" იყო იარაღი. როცა გართმევენ ერთ იარაღს, უნდა მოიმარჯვო მეორე!

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუკით გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, რომელშიც ზოგადად ისაუბრა თავის სამომავლო გეგმებზე.

„რა უნდა გავაკეთოთოთ? ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწორი პოზიცია შევინარჩუნოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა ვერ წაიღოს. მე და ჩემმა გუნდმა გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ მხოლოდ გასაფორმებელი იყო ამ კაცის წასვლა. ამ ტელევიზიის წართმევა ზუსტად ამი წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ეს კომპანია იყო პირველი მცველი და გუშაგი რუსეთის აქ ბოლომდე ინფილტრაციის გზაზე და ასეთი გუშაგები უნდა დარჩნენ“, - ამბობს ნიკა გვარამია, რომელიც დარწმუნებულია იმაში, რომ „რუსთავი 2“ „წაიღეს რუსებმა“.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის თქმით, მას შეუძლია მშვიდად გააგრძელოს სხვაგან ცხოვრება, მაგრამ არ აპირებს უარი თქვას შვიდი წლის წინ აღებულ პასუხისმგებლობასა და ფუნქციაზე, დაიცვას სამშობლო.

„რუსთავი 2“ იყო მხოლოდ ირაღი ჩვენს ხელში, იარაღი ქვეყნის დასაცავად. როცა გვართმევენ ერთ იარაღს უნდა მოვიმარჯვოთ მეორე. მოკლედ, საქმე მებრძოლებში და ბრძოლაშია და არა იარაღში! იარაღი მნიშვნელოვანია ძალიან, მაგრამ იარაღი შეცვლადია. ნებისმიერ ვითარებაში, როგორიც უნდა იყოს სიტუაციის სირთულე, ყოველ მიზეზ გარეშე, აუცილებლად, ჩვენ უნდა მოვიგონოთ სხვა იარაღი, რომელსაც მოვიმარჯვებთ, რომელსაც საქართველოს საქმეს მოვახმართ. ჩვენი გამარჯვება, მხოლოდ ჩვენი გონიერების, შრომის, მოხერხებულობის, თავდადების და თანმიმდევრულობის საქმეა. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი მეც მაქვს და მგონია, რომ ეს ყველაფერი იმ ადამიანებსაც აქვთ, ვისიც მეიმედება ამ ბრძოლაში. ვინ არიან ეს ადამიანები? ამაზე ჯერ არ ვილაპარაკებ. როგორი იქნება ეს იარაღი? ასევე არ ვილაპარაკებ ჯერ, მაგრამ იქნება ნიკა გვარამია, იქნებიან მისი მეგორბრები, იქნება ახალი იარაღი და, რაც მთავარია, იქნება ის იდეები, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებოდით და იქნება პროფესიონალიზმი, რომლითაც ჩვენ ამ იდეებს ვემსახურებოდით. ასე რომ ყველაფერი წინაა. ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. მოკლეს „რუსთავი 2“, მაგრამ არ მოუკლავთ ქვეყანა, არ მოვუკლივართ ჩვენ და ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. სხვა ადგილიდან ან სხვა ფორმატით და აუცილებლად ვიტყვით, ... სვავო ჩვენ დავბრუნდით!“ - ამბობს ნიკა გვარამია ვიდეო-მიმართვაში.

ზელენსკი: დეპუტატებს იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ

უკრაინაში 21 ივლისს ახალ პარლამენტს უყრიან კენჭს. 21 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენკიმ განაცხადა, რომ უნდა გაუქმდეს კანონმდებლების იმუნიტეტი სამართლებრივი დევნის მიმართ.

საპარლამენტო არჩევნებზე უბნების დახურვამდე სამი საათით ადრე ამომრჩეველთა აქტიურობა 36 პროცენტს უდრიდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია 199-დან 190 უბნის მონაცემებს ეყრდნობა. ყველაზე აქტიური ამომრჩეველი იყო ჩერნიგოვის, ხმელნიცკის და პოლტავის ოლქებში.

უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე სამეთვალყურეოდ ამ ქვეყანაში ჩასულია 1700 საერთაშორისო მეთვალყურე.

დეპუტატთა ნახევარს ირჩევენ ერთმანდატიან ოლქებში, მეორე ნახევარს - პარტიული სიების მიხედვით. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა სამი ათასი დეპუტატი, რომლებიც მაჟორიტარული წესით იყრიან კენჭს და პარტიული სიებით კი 2700 კანდიდატი. არჩევნებში ჩაბმულია 22 პარტია.

საზღვარგარეთის 72 ქვეყანაში გაიხსნა უკრაინის საარჩევნო უბნები, სულ მათი რიცხვი 102-ია.

ვადამდელი არჩევნების ინიციატორი იყო უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი. მისი პარტია, „ხალხის მსახური“ არჩევნების ფავორიტია, თუმცა მას შეიძლება მოუწიოს კოალიციაში გაერთიანება რომელიმე სხვა პარტიასთან.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ცნობილი გახდება ეგზიტპოლების შედეგები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგები უნდა გამოქვეყნდეს 5 აგვისტომდე.

უკრაინის პარლამენტში 450 ადგილია. ვადამდელი არჩევნების შემდეგ დაკავებული იქნება მხოლოდ 424 ადგილი, რადგან რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმსა და აღმოსავლეთი უკრაინის სეპარატისტული რეგიონებშიარჩევნები არ ტარდება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG