"მე დღეს თქვენთან მოვედი, რომ ჩამოვირეცხო სირცხვილი, რაც ხდება პარლამენტში, სადაც მე ყოველდღე მიწევს სირცხვილის ჭამა",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ვცდილობ, აღვიდგინო ის, რაც ივანიშვილმა წაართვა ქართველ ხალხს პარლამენტში და ეს ჩვენი უფლებაა, რომ პარლამენტში ისმოდეს ჩვენი ხმა. მინდა მივესალმო აქციის ორგანიზატორებს, ყოველდღე გელოდებათ ჩასაფრებული ივანიშვილი, როდის დაიღლებით და დაიშლებით, და უკვე მეშვიდე დღეა, ეს არ ხდება. ჩვენ თუ ამ ქვეყანაში არ მივაღწიეთ იმას, რომ დამნაშავე, როგორიც გახარიაა, გადადგეს, მერწმუნეთ, არანაირი ცრუ თუ თუნდაც მართალი დაპირებები პოლიტიკური სისტემის ცვლილებაზე არ დაგვეხმარება იმაში, რომ ამ პარლამენტში ისმოდეს ჩვენი ხმა. შეიძლება ჩვენ პარლამენტში გვყავდეს სესიაშვილი, ოხანაშვილი? ჩვენ პარლამენტში გვინდა ჩვენი ხმა. ამ მოედანზე გასული 25 წლის განმავლობაში არაერთი ახალი ლიდერი დაბადებულა და დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ამ მოედანზე ბევრი ახალი ლიდერი იბადება, ვინც გაიყვანს ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე. რაც მოხდა პარლამენტში, სირცხვილი იყო, რადგან მტერმა, შემოუთვალა ივანიშვილს, ერთი თავი გადმოაგდეო, ოღონდ გახარიას თავი არ მოუთხოვია. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პარლამენტმა ოკუპანტის მოთხოვნა შეასრულა, კანონი დაარღვია და გვეუბნება, გახარია არსად წავაო. რა უნდა ვუთხრათ ჩვენ? გახარია გადადგება! იმედი მაქვს, სანამ ეს არ მოხდება, ეს აქცია არ დამთავრდება და მე აქ ყოველდღე მოვალ. ეს ჩვენი ვალია იმ ხალხთან, ვინც თვალდათხრილია. ნუ დაიღლებით, ოლიგარქთან ბრძოლაში ერთადერთი ძალა თქვენ ხართ",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის წინ მეშვიდე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციები სამოქალაქო აქტივისტების მიერაა ორგანიზებული.
აქციების მეშვიდე დღეს, დემონსტრანტების ერთადერთ მოთხოვნად რჩება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. დემონსტრანტების თქმით, სწორედ ის არის პასუხისმგებელი 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე.
აქციის მონაწილეების ორი მოთხოვა, 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება, შესრულებულია.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.