პარლამენტის წინ აქციების მეშვიდე დღე დასრულებულია. მეშვიდე დღის ბოლოს, დემონსტრანტების სამი მოთხოვნიდან ორი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია:
- 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება
- 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დაკავებული ყველა დემონსტრანტი თავისუფალია.
დემონსტრანტების ერთადერთ მოთხოვნად რჩება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. დემონსტრანტების თქმით, სწორედ ის არის პასუხისმგებელი 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე.
ხვალ, 27 ივნისს, აქციების მერვე დღეს, დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ მოაწყობენ მსვლელობას.
29 ივნისს, აქციების მეათე დღეს კი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ „თავისუფლების მარში“ გაიმართება.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.
21 ივნისს პოსტი დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მანდატი დატოვა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომელიც ასამბლეის ორგანიზატორი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.
20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა.
დაწერეთ კომენტარი