26 ივნისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინელმა დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენა გააპროტესტა და ორგანიზაცია ღირებულებებით ვაჭრობაში დაადანაშაულა.
"ძვირფასო კოლეგებო, დღეს ვაჭრობის დღეა, დიდი ფასდაკლება. ყველა ჩვენი ღირებულებები გავყიდეთ 77 მილიონ ევროდ, დემოკრატია - 25-ად, ადამიანის უფლებები - 25 მილიონად. კანონის უზენაესობაც, ამ ფასად. ეს კარგი ფასია. შეგვიძლია სხვაგვარადაც ვიანგარიშოთ. ამ კვირაში ევროკავშირმა მილიონობით გული დაკარგა - უკრაინელების გულები, ესტონელების, ქართველების, ლიეტუველების, ლატვიელების, პოლონელების, ბრიტანელების. ერთი გული, დაახლოებით, 50 ცენტად. ეს კარგი ფასია.
მე მოვისმინე, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა დავიცვათ ისინი. მე მაქვს თქვენთვის შემოთავაზება: მოდით, მოვიწვიოთ სირია ჩვენს ორგანიზაციაში, იმიტომ რომ თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, უმჯობესია, რომ ბაშარ ასადი იყოს აქ, შიგნით და არა - ჩვენი ორგანიზაციის გარეთ.
მთელი ცხოვრება მიმაჩნდა, რომ ხალხისთვის, რომელსაც მართავს ტირანი, უკეთესია, იბრძოლონ ტირანის წინააღმდეგ და არ ისხდნენ მასთან ერთად.
რუსეთის წარმომადგენელმა, ბატონმა ტოლსტოიმ ყველას მოგვმართა: ჩვენ აქ გაშლილი ხელებით ვართ. ჩვენ კი ზუსტად ვიცით, რომ თქვენს გაშლილ ხელებში: გაზი “ნოვიჩოკია” მოსაწამლად, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “ბუკი” იმისთვის, რომ ჩამოაგდოთ თვითმფრინავები, სისტემა “გრადი” გასანადგურებლად.
უნდა გახსოვდეთ, როდესაც შემდეგში პუტინი დაიწყებს დახოცვას, სისხლი თქვენს ხელებზეც იქნება.
უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც იმყოფება რუსეთის ციხეში არაფრის გამო, უკვე ხუთ წელზე მეტია, ამბობდა: “თუ ჩემი ბედია, ვიყო ლურსმანი ტირანის კუბოს სახურავზე, თანახმა ვარ ასეთი ბედის.” თუ უკრაინის ბედია, იყოს მარტო ტირანის წინააღმდეგ, იმ ბოროტებასთან ბრძოლაში, რომელიც, უბრალოდ ჩვენთან მოვიდა, - კარგი, დაე, იყოს ასე. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ! ჩვენ არასდროს დავნებდებით და გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ! და ვიცი, რომ ეს ასეც იქნება!” - განაცხადა ალექსეი გონჩანერკომ.
რუსეთისთვის დელეგაციისთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის აღდგენის უკმაყოფილება 26 ივნისს შვიდი სახელმწიფოს დელეგაციებმა ერთობლივი განცხადებით გამოხატეს.
განცხადებას ხელს აწერენ საქართველო, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი და უკრაინა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭო იმ ხალხის ნდობას კარგავს, ვინც უნდა დაიცვას:
„დღეს ჩვენ, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციების წევრებს, არ გვაქვს პასუხი ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, როგორ აპირებს ევროსაბჭო მათი უფლებების დაცვას, თუკი ის აგრესორის კეთილდღეობით მეტადაა დაინტერესებული, ვიდრე აგრესიისა და რეპრესიების მსხვერპლთა უფლებების დაცვით.
ვუბრუნდებით ჩვენს ქვეყნებს და მთავრობებთან ერთად ვისაუბრებთ საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ერთობლივი მოქმედების გეგმაზე.
ევროპის საბჭოს მომავალი საფრთხის ქვეშაა, რადგან ის კარგავს იმ ხალხის ნდობას, ვინც უნდა დაიცვას.
წარმატებებს ვუსურვებთ ახალ გენერალურ მდივანს და გვაქვს იმედი, რომ ის იპოვის გზას ნდობის იმ უპრეცენდენტო კრიზისის დასაძლევად, რომელიც ამ კვირაში შეიქმნა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 25 ივნისს დაამტკიცა რუსეთის ორგანიზაციაში დაბრუნების შესახებ რეზოლუცია. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 116-მა დეპუტატმა, 62 წინააღმდეგი წავიდა, 15-მა კი თავი შეიკავა.
ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის 2014 წელს ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საფუძველი გახდა რეგლამენტში შეტანილი და რეზოლუციაში ასახული ცვლილებები, რომლის ინიციატორი იყო ბელგიელი დეპუტატი, სოციალისტების ჯგუფის წევრი პეტრა დე სუტერი.
კენჭისყრის შემდეგ ლიეტუვის, ლატვიის, საქართველოს, უკრაინის, სლოვაკეთის, პოლონეთის, ესტონეთის დელეგაციებმა დარბაზი დატოვეს.