ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საქალაქო სასამართლოში წავიდა, სადაც 14:00 საათზე, მოსამართლემ მის მიმართ აღმკვეთის ღონისძიების საკითხზე უნდა იმსჯელოს.
ნიკა მელიამ სახლი რამდენიმე წუთის წინ დატოვა, მანამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: „როგორ უნდა გაამართლოს ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელი დღის შემდეგ ჩემი არ დაჭერა? ბიძინა ივანიშვილს დაემართა გუშინ მთავარი უბედურება. გაუფასურდა მისი მილიარდები. გუშინდელმა დღემ ივანიშვილს აჩვენა, რომ მისი მილიარდები საქმეს ვეღარ უკეთებს. ის მოქმედებები, რომლებსაც ადგილი აქვს მისი მხრიდან, არის აგონიური მოქმედებები. საღ ჭკუაზე მყოფი ადამიანი, სპეცრაზმი რატომ შეიყვანს სახლში და ასე რატომ დაიძინებს?“.
პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით არც ერთის წინააღმდეგ 26 ივნისს მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის მიმართვას, პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 27 ივნისს 14:00 საათზე იმსჯელებს.