Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქალაქო სასამართლოსთან ნიკა მელიას მხარდამჭერები არიან შეკრებილები


თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ევროპული საქართველოს “წევრები არიან შეკრებილები, სადაც მოსამართლემ ნიკა მელიასთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს.

„ნიკა მელიას პროცესი ეს არის გამოწვევა იმ ათასობით ადამიანისათვის, რომლებიც უკვე რვა დღეა ქუჩაში დგანან და ითხოვენ დამნაშავეების დასჯასა და შს მინისტრის გადადგომას, სამაგიეროდ კი იღებენ დასჯილ მელიას. აქ აღარ არის საკითხი ერთ ადამიანში, ნიკა მელიაში, ვინმეს მოსწონს ის თუ არ მოსწონს. ხალხი ითხოვს დამნაშავეების დასჯას, შს მინისტრის გადადგომას და ამ ფონზე, ხელისუფლება საქმის გამოძიების ნაცვლად, აპატიმრებს ოპოზიციის ლიდერს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ამიტომ ვართ ჩვენ აქ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამართლებრივად, პოლიტიკურად და მორალურად გვერდში დავუდგეთ ნიკა მელიას“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.

პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით არც ერთის წინააღმდეგ 26 ივნისს მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის მიმართვას, პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 27 ივნისს 14:00 საათზე იმსჯელებს.

XS
SM
MD
LG