აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩაფრინდა იაპონიაში, სადაც 28 ივნისს იწყება „დიდი ოცეულის“ სამიტი.
სამიტში მონაწილეობის გარდა, ტრამპი იაპონიაში გამართავს, სულ ცოტა, რვა ორმხრივ შეხვედრას. მათ შორის არის შეხვედრები რუსეთის, ჩინეთისა და თურქეთის პრეზიდენტებთან, გერმანიის კანცლერთან და იაპონიის პრემიერ-მინისტრთან.
ვაშინგტონიდან გამგზავრებამდე ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოელის „ძალიან კარგ საუბარს“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ტრამპმა გააუქმა შარშან ნოემბერში არგენტინაში „დიდი ოცეულის“ სამიტის დროს დაგეგმილი შეხვედრა პუტინთან, რასაც წინ უსწრებდა ყირიმის ნახევარკუნძულთან რუსეთის მიერ უკრაინელი მეზღვაურებისა და მათი ხომალდების დაკავება.