20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და „მის აგრესიულ ჯგუფს“, - განაცხადა 27 ივნისს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა მას შემდეგ, რაც რევანშისტების მიერ ორგანიზებულ თავდასხმასა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას რამდენიმე საათის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას.
„რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ფიზიკური თავდასხმა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენი პოლიციელების. და დადგა ის კრიტიკული მომენტი, როდესაც ის პასიური კორდონი ფიზიკურად ვეღარ აკავებდა ამ აგრესიას და შესაბამისად, პოლიციას დარჩა ერთადერთი გზა - გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა.
ჩვენ ძალიან მძიმე სიტუაცია ვიხილეთ და ეს იყო უმძიმესი წუთები საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის - დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები, მათი ჯანმრთელობა, დაზარალდნენ ჩვენი პოლიციელები.
ის, რაც მოხდა, ეს არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი. ეს არის მათი მოვალეობა, რომ დაიცვან კონსტიტუცია, დაიცვან წესრიგი ქვეყანაში, დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუტები.
შედეგი არის მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ და ადამიანის ჯანმრთელობაზე მაღლა არაფერი დგას.
პასუხისმგებლობა ამ შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებმაც შეეცადნენ გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი და იერიში მიიტანეს ჩვენს კონსტიტუციაზე. ეა არის სრულიად მიუღებელი“, - განაცხადა ბახტაძემ.