Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი: სკამს არავინ გამოეკიდება, მაგრამ ჯერ გამოძიება უნდა ჩატარდეს


უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი - ამ შინაარსის განცხადებები პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 27 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ხელს არავინ არავის დააფარებს... უზრუნველვყოთ გამოძიება - ყველა ამ ეპიზოდის, გაკეთდეს ანალიზი და შევხედოთ, რასთან გვაქვს საქმე. საზოგადოებაში არის შეკითხვა (რეზინის) ტყვიების გამოყენებაზე. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება.

აქ ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო აღიარებულ სტანდარტებზე, თუ რა არის ეს. რამდენად იყო ეს ყველაფერი რეგლამენტირებული? თუ არ იყო, საჭიროა მათი რეგლამენტაცია. ამ რეგლამენტის დარღვევაც აუცილებლად უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული.

ეს არის საკითხები, რომელსაც სჭირდება გამოძიება, რომელზეც უნდა საუბრობდნენ ყველანი, მათ შორის - სამოქალაქო საზოგადოება...

შევაფასოთ, ჩვენ ცალკეულ შემთხვევებთან გვქონდა საქმე თუ ეს იყო გარკვეულწილად სისტემური პრობლემა. შევაფასოთ ეს ყველაფერი.

მე გეუბნებით, რომ ჩემს მთავრობაში და ჩემს გუნდში არ არსებობს არცერთი ადამიანი, რომელიც თავის სკამს გამოეკიდება. ეს არის გამორიცხული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ასევე გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ მოხდა იმ ტიპის რეზინის ტყვიების შესყიდვა და შემდეგ უკვე - გამოყენება, რომლებმაც სერიოზული ზიანი მიაყენა ადამიანების ჯანმრთელობას.

20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის გამო.

აქციის დაშლის შედეგად, საავადმყოფოში მოხვდა 240-მდე ადამიანი, ორმა დაკარგა თვალი. 305 პირი დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG