Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა მაქარაშვილი: ბატონი 10 საათზე იძინებსო და მივიდეთ, ძილი დავუფრთხოთ


„ბატონი 10 საათზე იძინებსო და მივიდეთ, ძილი დავუფრთხოთ, ხმამაღლა დავუძახოთ, იქნებ ამ უძილობამ მაინც გადააფიქრებინოს და გადმოვიდეს ხალხის მხარეს, - მიმართა გიგა მაქარაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით გამოსვლისას.

მისი სიტყვებით, აქციის მონაწილეები 22:30 საათზე დაიძვრებიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლებენ.

„მშვიდობიანად დავაფიქსირებთ ჩვენს მთავარ მოთხოვნას. რამდენად ღირსია იქაურობა, რომ საქართველოს ჰიმნი გაჟღერდეს არ ვიცი, მაგრამ რამე სიმღერას გავაჟღერებთ, რაც ამ სიტუაციას შეესაბამება", - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

მერვე დღეა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ იმართება.

აქციების მერვე დღეს, დემონსტრანტების მთავარ მოთხოვნად რჩება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. დემონსტრანტების თქმით, სწორედ ის არის პასუხისმგებელი 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე.

დემონსტრანტების სამი მთავარი მოთხოვნიდან, ერთი მოთხოვნა, 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ 24 ივნისს დაკმაყოფილდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს 20-21 ივნისის ღამეს დაკავებული დემონსტრანტები, რომლებსაც სხვადასხვა ადმინისტრაციული სასჯელი ჰქონდა შეფარდებული, მათ შორის პატიმრობა. შსს-ს ცნობით, ამ დროისათვის, პატიმრობაში მხოლოდ 3 დემონსტრანტი რჩება.

20-21 ივნისის ღამეს, ჯამში საპროტესტო აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

21 ივნისს პოსტი დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მანდატი დატოვა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომელიც ასამბლეის ორგანიზატორი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG