Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ შს მინისტრის მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ გამართონ კონტრაქცია


პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.

მმართველი პარტია შს მინისტრ გიორგი გახარიას მხარდამჭერებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კონტრაქციის გამართვისგან.

„პირველ რიგში, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ყველა მხარდამჭერს და გულშემატკივარს, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ხედავს და რეალურად აფასებს შექმნილ მდგომარეობას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიტანილი შეტევების რეალურ მიზნებს.

განვითარებული მოვლენების ფონზე, საზოგადოებაში ხშირად ისმის კონტრაქციის ორგანიზების მოწოდებები.

ხაზგასმით ვაცხადებთ, საქართველოში დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ჩვენი მოქალაქის პოზიციას და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენი მოქალაქეების ეს უფლება იყო, არის და იქნება დაცული.

არსებულ ვითარებაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ვთხოვოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც განიცდიან და ემოციურად რეაგირებენ უკანასკნელ დღეებში შექმნილ სურათზე, თავი შეიკავონ ყოველგვარი კონტრაქციისგან და იმგვარი ქმედებებისგან, რომელმაც შესაძლოა დამატებითი დაძაბულობა შემოიტანოს და საფუძველი შეუქმნას დესტრუქციულ ძალებს პროვოკაციებისა და დაძაბულობის ინსპირაციისთვის“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 ივნისს, რესპუბლიკის მოედანზე, გიორგი გახარიას მხარდამჭერი აქცია იგეგმება. თუმცა, ოფიციალური ღონისძიება არ გამოქვეყნებულა.

სავარაუდო კონტრაქციის ორგანიზატორებს მიმართა შს მინისტრმა გიორგი გახარიამაც და თქვა, რომ აქციის გამართვა საჭირო არ არის.

XS
SM
MD
LG