Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ღვინის ასოციაცია“ ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს


„მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად“, - ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ღვინის ასოციაციის“ წერილში, რომლის ადრესატიცაა ღვინის ეროვნული სააგენტო.

წერილში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებული გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესს არ უნდა შეეწიროს ქვეყნის ეკონომიკა. ასოციაცია სახელმწიფოს მოუწოდებს, გონივრული პოლიტიკა აწარმოოს, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეკონომიკური სანქციები.

„ის, რომ ქართული ღვინის წარმოებას და ექსპორტს საკუთარი უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, არავისთვის არ არის სიახლე. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკამ ის შედეგი მოგვცა, რომ გაშენდა ახალი ვენახები, ფუნქციონირებს ასობით ღვინის საწარმო, მათ შორის ბევრი ახალი. ჩვენ ღვინო გაგვაქვს ისეთ ბაზრებზე, სადაც რამდენიმე წლის წინ არა თუ ექსპორტის შესაძლებლობა იყო წარმოუდგენელი, არამედ საერთოდ არ იცნობდნენ ქართულ ღვინოს. ქართულ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში, სხვადასხვა რგოლით, ათობით ათასი ადამიანია ჩართული. ტრადიციული დარგი აქტიურად ვითარდება, ქართული ღვინო სულ უფრო მეტად ცნობადი და მოთხოვნადი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გაგიზიაროთ საკუთარი მოსაზრება და ღიად დავაფიქსიროთ, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აწარმოოს გონივრული პოლიტიკა, შეძლოს თავიდან აიცილოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც ქვეყანას აარიდებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს. ქვეყანაში არსებული გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესს არ უნდა შეეწიროს ქვეყნის ეკონომიკა,“ - ნათქვამია წერილში.

24 ივნისს განცხადება გაავრცელა რუსეთი ფედერალურმა სამსახურმა „როსპროტრებნადზორმა“, სადაც აღნიშნულია, რომ უწყება ამკაცრებს კონტროლს საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელზე.

განცხადების თანახმად, „დინამიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან რუსეთში შესული ალკოჰოლური სასმელის ხარისხი გაუარესებულია. 2014-2018 წლებში გაზრდილია იმ პროდუქციის რაოდენობა, რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს“.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თბილისში, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები.

XS
SM
MD
LG