Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შტორმის გამო მოსახლეობას აფრთხილებს


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე უამინდობის გამო მოსახლეობას აფრთხილებს. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 4 ბალიანი შტორმი და მოსალოდნელია მისი გაძლიერება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აფრთხილებს მოსახლეობას არ შევიდნენ ზღვაში.

"კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე. სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. ასევე, მობილიზებულია წყალზე მაშველების დამატებითი ჯგუფები, ისინი პატრულირებენ სანაპირო ზოლზე და ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად", - წერია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები.

28 ივნისის ღამეს ძლიერი წვიმის გამო ბათუმში სარდაფები და ეზოები დაიტბორა. უამინდობა შავი ზღვის სანაპიროზე ორშაბათამდე შენარჩუნდება.

XS
SM
MD
LG