Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის დარბევისას დაშავებულთაგან კლინიკებში 6 პაციენტი რჩება


20-21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციის დროს დაშავებულთაგან კლინიკებში 6 პაციენტი რჩება. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

ამჟამად სამი პაციენტი მკურნალობას "ნიუ ჰოსპიტალში" აგრძელებს, სამი კი - რეგიონულ ჰოსპიტალში. ავთანდილ თალაკვაძის თქმით, "რეგიონულ ჰოსპიტალში" 35 წლის მამაკაცს ჩაუტარდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც ის რეაბილიტაციის კურსს საზღვარგარეთ გაივლის.

"რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, არის გაუმჯობესება, დინამიკა და სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში მუდმივ მონიტორინგზე გვეყოლება", - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ორი სამართალდამცველიდან, რომელიც თურქეთში გაემგზავრა სამკურნალოდ, ერთს ორშაბათს ჩაუტარდება განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია, ხოლო მეორე, რომელსაც თვალის დაზიანება ჰქონდა, რეაბილიტაციის პროცესს გადის.

"ჯამში, საზღვარგარეთ გამგზავრებულია სამი პაციენტი, უახლოეს მომავალში კი, 4 პაციენტი გაემგზავრება. ხვალ დღის ბოლოს და ზეგ გამთენიისას გერმანიასა და ისრაელში კიდევ გაემგზავრებიან პაციენტები, ისინი შემდგომ რეაბილიტაციის კურსს საზღვარგარეთ განაგრძობენ", - აღნიშნა თალაკვაძემ.

20-21 ივნისის ღამეს, საპროტესტო აქციის დარბევისას 240-მდე ადამიანი დაშავდა.

XS
SM
MD
LG