აშშ-ისა და თალიბანის წარმომადგენლები ყატარში მართავენ მოლაპარაკების მორიგ რაუნდს ავღანეთში ომისათვის ბოლოს მოსაღებად.
შეხვედრა 29 ივნისს დაიწყო და ტარდება ავღანეთში ოფიციალურ პირებსა და უსაფრთხოების ძალებზე სისხლისმღვრელი თავდასხმების მიუხედავად.
თალიბანის წარმომადგენელ სუჰაილ შაჰინის თქმით, ავღანეთის საკითხში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზალმაი ხალილზადთან მოლაპარაკების ამ, მეშვიდე ტურს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
პროცესს მასპინძლობს ყატარის დედაქალაქი დოჰა, სადაც თალიბანი პოლიტიკური ოფისით არის წარმოდგენილი. მხარეები ცდილობენ, დაასრულონ მუშაობა შეთანხმებებზე, რათა ბოლო მოეღოს თითქმის 18-წლიან კონფლიქტს ავღანეთში - ყველაზე ხანგრძლივ ომს აშშ-ის ისტორიაში.
თალიბების დელეგაციას ხელმძღვანელობს მოლა აბდულ ღანი ბარადარი, რომელიც თალიბანის თანადამაარსებელია.
დოჰაში მოლაპარაკების მთავარ მიზნად სახელდება შეთანხმება ავღანეთიდან უცხოელი სამხედროების გაყვანის განრიგზე და თალიბანის მხრიდან გარანტიის მოპოვება, რომ ექსტრემისტები აღარ მოაწყობენ თავდასხმებს ავღანეთში.