Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწერლები ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს ბოიკოტს უცხადებენ


ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლობები ბოიკოტს უცხადებენ ახლადშექმნილ ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს და აცხადებენ სრულ დაუმორჩილებლობას ხელისუფლებისა და სამინისტროს გადაწყვეტილების მიმართ.

„ჩვენი ბოიკოტი იქნება ყოვლისმომცველი და ხმაურიანი, მასში ჩაერთვება საერთაშორისო სამწერლო საზოგადოება, ჩვენ მოვძებნით ალტერნატიულ ხერხებს ჩვენი წიგნების დასასტამბად - ეს იქნება დროებითი ზომა, ჩვენს სრულ გამარჯვებამდე, ხსენებულ სფეროში სტატუს კვოს აღდგენამდე და სრულ სამუშაო პროცესში დაბრუნებამდე.

ესაა მწერალთა ინდივიდუალური პროტესტი. ყოველი ხელმომწერი პირადად აგებს პასუხს თავის პოზიციაზე, გმობს "მწერალთა სახლისა" და "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის" ერთ ორგანიზაციად გაერთიანებას და მხარს უჭერს ახალშექმნილი "ქართული ლიტერატურის ფონდის" ბოიკოტს, - ვკითხულობთ წერილში.

ავტორები წერენ, რომ ისინი თვეების განმავლობაში ადევნებდნენ თვალს "დაუჯერებელ პროცესს" - ქართული წიგნის ცენტრისა და მწერალთა სახლის, მათი არაერთი შედეგიანი საქმისა და პროექტის, თვით ამ ორგანიზაციის ორი არაჩვეულებრივად შედეგიანი ხელმძღვანელის დაუფასებლობას, ქართველი ავტორების სრულ უგულებელყოფას და მათი აზრის გაუთვალისწინებლობას.

მათი განცხადებით, სრულიად უგულებელყოფილია პარიზის 2021 წლის წიგნის ბაზრობისთვის მზადების საჭიროებანი. ხოლო შეხვედრები, რომლებზეც ქვეყნისა თუ სფეროს მესვეურები მათ ეპატიჟებიან, არის „ფაქტების კონსტანტირებისა და მათ მიერ შექმნილ სურათზე მწერლების დათანხმების მცდელობა“.

ბოლო ხანებში გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსეულად მსახურებისთვის ჩვენი სფეროს ადამიანები მხოლოდ ისჯებიან. მაგრამ ქართველი მწერლები, როგორც ხელოვანი ადამიანების ერთობა, თუნდაც როგორც მის გარეთ მდგომი ცალკეული ხელოვანები, ასევე არ ვაღიარებთ ასეთი ხელისუფლების, ასეთი მინისტრების და მათი მოადგილეებისმორალურ უფლებას, შეგვიცვალონ სამუშაო გარემო“, - წერია მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების წერილში, რომელზე ხელმოწერებიც ამ დრომდე გრძელდება.

"ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის" შექმნის შესახებ ბრძანება 18 ივნისს გამოქვეყნდა და ძალაში 20 ივნისს შევიდა. ამ დღიდან გაუქმდა "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი" და "მწერალთა სახლი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG