ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს დუმილში - ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენის თაობაზე.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა 1 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სწორედ ამ შეკითხვით მიმართა - რატომ არ გააკეთა ოფიციალური განცხადება საქართველოს საგარეო უწყებამ და არ გააპროტესტა მომხდარი?
გიორგი კანდელაკის სიტყვებით, ამ საკითხზე ღიად საუბრისგან თავი არ შეუკავებიათ საქართველოს მეგობარი სახელმწიფოებს - ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს:
"როცა მომხდარი პირდაპირ ეხება საქართველოს სუვერენიტეტს, როცა მომხდარი პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს მთავრობა, არაფერს ამბობს, მაშინ, როცა ჩვენი უახლოესი მეგობრები, ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი, რომლებიც გვერდზე გვიდგანან ყველა სიტუაციაში, როცა ისინი გამოდიან მკვეთრი განცხადებებით აღმასრულებელი ხელისუფლების და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რატომ დუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო? ნუთუ არ ასწავლა ჩვენს მთავრობას გავრილოვის ამბებმა, რომ ორაზროვანი პოზიცია რუსეთთან მიმართებით, რომელიც ასეც შეიძლება გავიგოთ და ისეც შეიძლება გავიგოთ, საზიანო და სახიფათოა?“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს აძლევს ასამბლეაში დაბრუნების უფლებას.
ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება 2014 წლის აპრილში, ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვა.