შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასთან“. „გახარია წადი“, „ნუ გვაბრმავებთ“, - წერია აქციის მონაწილეთა პლაკატებზე. „შერატონთან“ მდგარი ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილის წარმომადგენლები და აქტივისტები არიან, რომელიც უკვე თითქმის ორი კვირაა მშვიდობიან აქციას მართავს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ 14:00 საათისთვის დაგეგმილია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ცვლილებების პრეზენტაცია. პარტიის მიერ 30 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ „გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ეს მოთხოვნა რომ შესრულდებოდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გამოაცხადა. მან თქვა, რომ დაკმაყოფილებული იქნება დემონსტრანტების მოთხოვნა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ.
„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაციას გაერთიანებული ოპოზიცია არ დაესწრება. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერების განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების იდეას, თუმცა არ აპირებენ დასწრებას "ოცნების" პარტიულ ღონისძიებაში.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ბოლო შეუსრულებელ მოთხოვნად - შს მინისტრის გადადგომა რჩება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი გახარიამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 20-21 ივნისის აქციის სასტიკი მეთოდებით დაშლის გამო.