Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართულმა ოცნებამ“  პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაცია გამართა


სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საარჩევნო რეფორმის პრეზენტაცია გამართეს და შეკრებილ საზოგადოებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ოფიციალურად აცნობეს.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილელების შეტანა იყო საჭირო.

„გთავაზობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას ნულოვანი ბარიერით. ეს არის ჩვენი გუნდის პრინციპული გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახა კალაძემ და დაამატა, რომ მმართველი პარტია მზად არის საკანონმდებლო ცვლილების ყველა ნიუანსზე იმსჯელოს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად.

„ეს ინიციატივა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პარტიული სისტემის განვითარება საქართელოში თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დიდი გამოწვევაცაა და პოლიტიკური სისტემის მუდმივ განვითარებას საჭიროებს, ეს პასუხისმგებლობა კი ყველამ ერთად უნდა ავიღოთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტს, ხელს 100-მდე დეპუტატი აწერს.

დღევანდელი კანონმდებლობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო შერეული (პროპორციულ-მაჟორიტარული) სისტემით და პროპორციულ ნაწილში პარტიისთვის პარლამენტში ადგილის მოსაპოვებლად ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 3% იქნებოდა საჭირო.

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის მიხედვით, პარლამენტში ერთი მანდატის მოსაპოვებლად საჭირო იქნება არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების 1/150 (დაახლოებით, 0, 67%).

წინა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობა შეადგენდა 48%-ს - არჩევნებზე მივიდა 1814276. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 2197243-მა მოქალაქემ (60,8%). 2008-ში 1825526-მა (53%). თუ ნიმუშად ამომრჩეველთა აქტივობის საშუალო მონაცემს ავიღებთ, გამოდის, რომ პარლამენტის წევრის 1 მანდატის მიღებას სჭირდება თითქმის 13000 ხმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსულტაციები და საკითხზე ფართო მსჯელობა უახლოეს მომავალში დაიწყება. მისი თქმით, შემდგომი მოწვევის პარლამენტში მაქსიმალურად პლურალისტური სპექტი უნდა მივიღოთ.

XS
SM
MD
LG