Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი ბრძოლა წაგებულია


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ბევრი დეპუტატი უკვე ნანობს, რომ მის დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემას კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა, რადგან საქმე უკვე, მისი სიტყვებით, სამართლებრივ აბსურდში გაეხვა.

შავზე თეთრი უნდა თქვას ამ მოსამართლემაც. ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული ამ შეკერილი საქმის გამო ჩემი დაკავება. სურვილი დიდი აქვთ იმიტომ, რომ მათთვის წარმოუდგენელია, შესაძლებლობა მქონდეს, პარლამენტში ვიარო, როგორც მოქმედმა დეპუტატმა. მათ ეგონათ, რომ მე ამას ვეღარ შევძლებდი. მათთვის მე ხომ უკვე დაჭრილი ვარ? - დაჭრილი მხეცი ხომ უფრო საშიშია? მტკიცებულებები არ იყო და ისე უყარეს კენჭი, რასაც ნანობს ბევრი მათგანი. მათ ადგილზე მეც დიდ მორალურ და ფსიქოლოგიურ დისკომფორტს ვიგრძნობდი“, - უთხრა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მთავარი ბრძოლა უკვე წააგო.

ეს არის მორალური ბრძოლა, რომელიც ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ვიდრე პოლიტიკური გამარჯვება ან დამარცხება“, - თქვა მან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.

ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების საკითხს ასაჩივრებს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე. კერძოდ, ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს გაუქმდეს ნიკა მელიასთვის დაწესებული ისეთი შეზღუდვები, როგორებიცაა საცხოვრებელი ადგილის დატოვებისას საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლის ინფორმირება და საქმის სავარაუდო მოწმეებთან კონტაქტის აკრძალვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას 27 ივნისს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურატურამ მას 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ნიშნით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენა.

XS
SM
MD
LG