Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია:აუცილებლად ვივლი არა მარტო პარლამენტში, არამედ ყველა შეხვედრაზე


ნიკა მელია
ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატი ნიკა მელია დაესწრება პარლამენტის სხდომებს, შეხვედრებს და სახლიდან გამოსვლის წინ პროკურატურას საქმის კურსში ჩააყენებს - ამის შესახებ მან სააპელაციო სასამართლოში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„როდესაც ჩაინიშნება პარლამენტში სხდომა, მე აუცილებლად შევატყობინებ პროკურატურას, რახან ასე უნდათ. აუცილებლად გამოვალ სახლიდან და მივალ სხდომაზე დასასწრებად. თუ მოქმედ დეპუტატს პარლამენტში მოსვლის გამო დააკავებენ, მათ სინდისზე და ნამუსზე იყოს. ისინი ცდილობენ, პოლიტიკური საქმიანობისგან მაქსიმალურად ჩამომაშორონ. აუცილებლად ვივლი არა მარტო პარლამენტში, არამედ ყველა იმ შეხვედრაზე, რომელზეც აქამდე დავდიოდი, იქნება ეს აბაშა, ზუგდიდი, ქუთაისი თუ თერჯოლა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

დეპუტატი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2 ივლისის გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს:

„ეს არის წინააღმდეგობაში მოსვლა კონსტიტუციასთან და პარლამენტის რეგლამენტთან. მე ისეთივე დეპუტატი ვარ, თავისი უფლებებითა და ვალდებულებებით, როგორიც არის დანარჩენი 149. ე.ი. პარლამენტის წევრს ეუბნებიან, არათუ შეეშვი პოლიტიკურ საქმიანობას და სახლში იჯექიო, არამედ საპარლამენტო საქმიანობასაც შეეშვიო. რა თქმა უნდა, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავასაჩივრებთ იმ მუხლს, რა მუხლითაც შემეზღუდა პოლიტიკური საქმიანობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთანაც და რეგლამენტთანაც“,- აღნიშნა მედიასთან ნიკა მელიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ ბრალდების მხარის საჩივარი და ძალაში დატოვა მისთვის თავისუფლების აღკვეთის ზომად გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება. პროკურატურა მის პატიმრობას მოითხოვდა.

სააპელაციო სასამართლომ პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკა მელიას გადაადგილება ელექტრონული სამაჯურით მოუწევს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლის ის გადაწყვეტილებაც, რომელიც ნიკა მელიასთვის გარკვეული ტიპის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა. შეზღუდვების მოხსნა ნიკა მელიასთვის დაცვის მხარე მოითხოვდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას 27 ივნისს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურატურამ მას 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ნიშნით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენა.

XS
SM
MD
LG