Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგორი კარასინი:  რუსულ ტრადიციებში არ არის უხეშობისა და მუქარის "გადაყლაპვა"


გრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი

"საქართველოში, როგორც ჩანს, დაავიწყდათ, რომ რომ რუსეთს თავისი წარმოდგენა აქვს ღირსებასა და პატივზე“,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, რუსულ ტრადიციებში არ არის მისი ხალხის მიმართ უხეშობისა და მუქარის „გადაყლაპვა.“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ რუსეთი იძულებულია წინასწარ გათვალოს და დაბლოკის ის რისკები, რომლებიც მისი მოქალაქეების წინაშე დგას.

იმედი მაქვს, რომ ჩვენმა ადეკვატურმა რეაქციამ გონზე მოიყვანა ისინი, ვისაც ცინიკურად სურს პოლიტიკურ თამაშებში ქულების დაგროვება ანტირუსული რიტორიკისა და მუქარების ხარჯზე“,- განაცხადა გრიგორი კარასინმა გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში, რომელშიც დაისვა კითხვებიც იმის შესახებ, რამდენად ადეკვატური ზომა იყო საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან და რატომ არ შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეებს თავად შეაფასონ, საშიშია თუ არა მათთვის საქართველოში მოგზაურობა.

ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია. მართალია, ხისტი, მაგრამ სხვაგვარად შეუძლებელია. საქმე ხომ ასობით ათას რუს ტურისტს შეეხებოდა. ჩვენ არ გვაქვს უფლება ისინი ათასი სახის ხულიგნური გამოვლინების საფრთხის წინაშე დაგვეყენებინა, მით უფრო რომ ამ მტრობას გარკვეული პოლიტიკური ძალებიც აღვივებენ.

მათ თავადაც აქვთ საშუალება გადაწყვეტილება მიიღონ, მაგრამ სახელმწიფოს ამოცანაა იდგეს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სიმშვიდის სადარაჯოზე, სადაც უნდა იმყოფებოდნენ ისინი“, - უთხრა გრიგორი კარასინმა „კომერსანტს“, რომელმაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან საუბარში ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ თავად რუსი ტურისტები საფრთხეს საქართველოში ვერ გრძნობენ.

„სახელმწიფოს ამოცანაა წინასწარ ამოიცნოს და გათვალოს მოსალოდნელი რისკები და არ დაელოდოს, როდესაც ეს მოხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჰაერო მიმოსვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება აუცილებელი იყო“, - უპასუხა გრიგორი კარასინმა „კომერსანტს“.

XS
SM
MD
LG