ჯანდაცვის ახალი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო მუშაობს 20 ივნისის ღამეს დაშავებულებისთვის კომპენსაციების გაცემის საკითხზე. თუმცა ჯერჯერობით ცალსახა პასუხი - მიიღებენ თუ არა დაზარალებულები სახელმწიფოსგან გარკვეულ თარნხას, ტიკარაძეს ამ ეტაპზე არა აქვს.
„ვმუშაობთ, რათა კომპენსაციები იყოს საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული ნორმატივების მიხედვით გაანგარიშებული. ჩვენ ალბათ, ამასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებებსაც შევიტანთ“, - უთხრა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს მხოლოდ ოთხი პაციენტი. მათი მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. ხუთი პაციენტი კი საზღვარგარეთ მკურნალობს.
ჯანდაცვის მინისტრის სიტყვებით, უკეთესად არის დავით გრიგორიანიც, რომელიც საავადმყოფოში თავში მიყენებული ჭრილობებით მიიყვანეს. მინისტრის თქმით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ ისიც გაემგზავრება.